
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლასთან არსებული ცეკვის ანსამბლი „ქართველო“ სამშობლოში საერთაშორისო წარმატებით დაბრუნდა.
ანსამბლმა, რომელსაც ქორეოგრაფები ბაჩო ჯინჭარაძე და ანი ჯილანძე ხელმძღვანელობენ, ბულგარეთის ქალაქ ნესებრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე - „მზე, სიხარული და სილამაზე“ პირველი ადგილი მოიპოვა.
ანსამბლი ფესტივალზე მიწვევით იმყოფებოდა. ფესტივალზე მსოფლიოს შვიდი ქვეყნის ბავშვთა ქორეოგრაფიული კოლექტივები იყვნენ წარმოდგენილნი.
ახალგაზრდა მოცეკვავეებმა ქართული ხალხური ცეკვები შთამბეჭდავად შეასრულეს, ეროვნული კულტურა საერთაშორისო სცენაზე წარმატებით წარმოაჩინეს და ჟიურის მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს. ფესტივალის შედეგებით, ანსამბლი „ქართველო“ გამარჯვებულად დასახელდა.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითი წარმატება და მათ წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„დიდი სიხარულით და სიამაყით ვულოცავთ ჩვენს სკოლასთან არსებულ ცეკვის ანსამბლ „ქართველოს“ (ქორეოგრაფები -ბაჩო ჯინჭარაძე და ანი ჯილანძე) საოცარ წარმატებას!
ანსამბლი მიწვევით, საგასტროლო ტურნეთი იმყოფებოდა ბულგარეთის ულამაზეს ქალაქ ნესებრში, საერთაშორისო ფესტივალზე - „მზე, სიხარული და სილამაზე“, სადაც შვიდი ქვეყნის ბავშვთა ანსამბლი მონაწილეობდა. ჩვენმა ნიჭიერმა გოგო-ბიჭებმა ქართული ცეკვის მადლი, ენერგია და კულტურა ღირსეულად წარადგინეს, მაყურებლისა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს და სამშობლოში დამსახურებული პირველი ადგილით დაბრუნდნენ!
ეს გამარჯვება არის მათი შრომის, ნიჭის, სიყვარულისა და თავდადების შედეგი. მადლობა თითოეულ მოცეკვავეს, პედაგოგებს ბაჩოსა და ანის, მშობლებს და ყველა ადამიანს, ვინც ამ წარმატების გზაზე მათ გვერდით დგას.
გილოცავთ, „ქართველო“, გისურვებთ კიდევ უამრავ გამარჯვებას, ახალ წარმატებებს და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ თქვენი ლამაზი ცეკვით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: