ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასელთა დაუვიწყარი ექსკურსია სვანეთში
28-07-2026

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა ურუშაძის ხელმძღვანელობით, სვანეთში ორდღიანი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოაწყვეს.

ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-კულტურული კუთხე და მისი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

ექსკურსიის მონაწილეებმა დაათვალიერეს უძველესი სვანური კოშკები, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი და სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მათ საკუთარი თვალით ნახეს რეგიონის უნიკალური ბუნება – დათოვლილი მთები, სწრაფმდინარი მდინარეები და თვალწარმტაცი პეიზაჟები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა უშბისა და თეთნულდის ხედებმა, ასევე სვანური კულინარიული ტრადიციების გაცნობამ, მათ შორის კუბდარისა და სვანური მარილის დაგემოვნებამ.

ექსკურსია სკოლის დირექტორის, ფატი სიორიძისა და მშობლების მხარდაჭერით გაიმართა.

„ორი შესანიშნავი და დაუვიწყარი დღე გავატარეთ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის უკვე მე-11(გ) კლასელებმა დიდებულ სვანეთში. შთაბეჭდილებები და ემოციები, ენითაუწერელია! რომელი ერთი ჩამოვთვალო:

უძველესი სვანური კოშკები, ხერგიანის და მხარის ეთნოგრაფიული მუზეუმები, ამაყი და პირქუში დათოვლილი მთები, გიჟი მდინარეები, მჟავე წყლები, საოცარი ხედები, უშბა და ღამის სიბნელეში მთვარესავით განათებული თეთნულდი, უგემრიელესი კუბდარი და სვანური მარილი...

ჩვენს ულამაზეს გასეირნებაზე სკოლის დირექტორ, ქალბატონ ფატი სიორიძესთან და საუკეთესო მშობლებთან ერთად იზრუნეს კომფორტული ტრანსპორტის უკარგესმა მძღოლმა- ბაჩი ტარიელაძემ და გულისხმიერმა პროფესიონალმა გიდმა ჟანა გოგატაძემ.

მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“,- გვიყვება პედაგოგი მანანა ურუშაძე და ექკურსიიდან ფოტო-ვიდემალასალას გვიზიარებს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203