
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველი საჯარო სკოლაა, რომელიც 2024 წელს საპილოტე რეჟიმში ჩაერთო ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში. პროგრამა მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, სკოლის დასრულების შემდეგ ერთდროულად მიიღონ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რაც მათ კონკურენტუნარიანობასა და პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 2026 წლის 15 ივლისს თბილისში გაიმართა ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველი კურსდამთავრებულების საზეიმო გამოსაშვები ღონისძიება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მოადგილეები ბაია კვიციანი და თამარ მახარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები, დამსაქმებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
როგორც ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება განსაკუთრებული იყო მათი სკოლისთვის. პროგრამის წარმატებით განხორციელებასა და მის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლის დირექტორი - სალომე სარალიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარების მიღებას, ხოლო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს – ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. ვუსურვებთ მათ წარმატებას, პროფესიულ წინსვლასა და მრავალ ახალ მიღწევას!
ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლა ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივის მონაწილეა და მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: