
ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ყვირილა“, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან.
კლუბი სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026“. კლუბმა კონკურსის ფარგლებში არაერთი ეკოაქტივობა განახორციელა.
სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას - CENN-ის ორგანიზებულ კონკურსში.
გუნდმა მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში 150-ზე მეტი მრავალფეროვანი აქტივობა განახორციელა, რომლებიც მოიცავდა როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივებს:
მიზანი 6 და 13: აქტიურად ვიმუშავეთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე;
პატარა მეგობრები: ვიზრუნეთ უმცროსკლასელებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე;
გამწვანება და დასუფთავება: ნიკო კეცხოველის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყოველი უთავბოლოდ მოჭრილი ხე დანაშაულია კაცთა მოდგმის წინაშე“ - მოსწავლეებმა უამრავი ნერგი დარგეს და იზრუნეს ბუნების დასუფთავებაზე;
პროფესიული შეხვედრები: მოეწყო საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან.
კონკურსის ნახევარფინალში კი სკოლამ წარადგინა პროექტი, რომელმაც ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
„ჩვენი პრეზენტაცია ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესოდ დასახელდა! თუმცა, ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად, სამწუხაროდ, სულ რაღაც 2 ქულა დაგვაკლდა.
ეს შედეგი ჩვენთვის მარცხი არ არის, პირიქით - ეს არის უდიდესი სტიმული და დადასტურება იმისა, რომ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ გვჯერა, რომ პატარა ცვლილებებიც კი დიდ გარდატეხას იწვევს და ჩვენ ამ ცვლილებების ნაწილი ვართ!
დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ლია მუმლაძეს, თითოეულ ეკოკლუბელს და აქტივობებში ჩართულ მე-4 სკოლის სასკოლო საზოგადოებას თავდაუზოგავი შრომისა და ენთუზიაზმისთვის!
უღრმესი მადლობა, სკოლის დირექტორს, ნინო შეყილაძეს, გვერდით დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.