„ეკო-ჰაბი სოფლისთვის- ნარჩენების სეპარირების მოდელი“ - უფლისციხის საჯარო სკოლის ეკოკლუბის პროექტმა, კონკურსის შედეგად, დაფინანსება მოიპოვა
27-07-2026

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ივნისის მიწურულს, უფლისციხის საჯარო სკოლამ, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტისა და United Nations Development Programme-ის (გაეროს განვითარების პროგრამა) ერთობლივ პროექტში - „მწვანე, ინკლუზიური და ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“.

სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეების მიერ შემუშავებულმა პროექტმა „ეკო-ჰაბი სოფლისთვის- ნარჩენების სეპარირების მოდელი“ ორგანიზატორების განსაკუთრებული მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

პროექტის წარმატების შედეგად, სკოლამ მოიპოვა დაფინანსება, რაც მის პრაქტიკულ განხორციელებას შეუწყობს ხელს. ინიციატივა მიზნად ისახავს სოფელში ნარჩენების სეპარირების კულტურის დანერგვას, გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის წარმოჩენასა და საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების აქტიურობით, შემოქმედებითი იდეებითა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით. ვულოცავთ ეკოკლუბის წევრებსა და პროექტის ავტორ პედაგოგს ნონა გიგოლაშვილს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას პროექტის განხორციელების პროცესში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203