
2026-2027 სასწავლო წლიდან თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამა იცვლება - ახალი სასწავლო წლიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები აღარ დაფინანსდებიან.
პროგრამა კერძო უნივერსიტეტებში ახლად ჩარიცხულ სტუდენტებზე აღარ გავრცელდება.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება არ შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც თბილისის მერიის დაფინანსებით უკვე სარგებლობენ. მერიაში განმარტავენ, რომ მათთვის დაფინანსება სწავლის დასრულებამდე გაგრძელდება.
თბილისის მერია სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის საფასურს უფინანსებდა:
სოციალურად დაუცველ სტუდენტებს;
მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს.
პროგრამით სარგებლობა შეეძლოთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, თუ ისინი დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ.
სემესტრული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 1125 ლარს შეადგენდა. თანხის მოცულობა დამოკიდებული იყო როგორც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე, ისე მის სოციალურ სტატუსზე. გარკვეულ შემთხვევებში სტუდენტები სემესტრული გადასახადის სრულ დაფინანსებას იღებდნენ, ხოლო სხვა კატეგორიებისთვის ფინანსდებოდა სწავლის საფასურის 70 ან 50 პროცენტი.
პროგრამით სარგებლობისთვის სტუდენტებს თბილისის მერიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა უწევდათ, მათ შორის - სტუდენტის სტატუსის, აკადემიური მოსწრებისა და სოციალური კატეგორიის დამადასტურებელი ცნობების.
მოქმედი ბენეფიციარებისთვის პირობები უცვლელი რჩება. დეტალები კი მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.