გასვლითი ღონისძიებები, გამოსაშვები საღამო და ბევრი ემოცია - თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოთხწლიანი სასწავლო გზა შთამბეჭდავად შეაჯამეს
21-07-2026

თბილისის N12 საჯარო სკოლის ოთხივე IV კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნეს.

ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით, თეატრალიზებული წარმოდგენებითა და შემოქმედებითი აქტივობებით ბავშვებმა ოთხწლიანი სასწავლო გზა შეაჯამეს და ახალი ეტაპის დაწყებას ცოდნითა და უნარებით აღჭურვილნი შეხვდნენ.

შთამბეჭდავად წარიმართა IV კლასის ღონისძიება სახელწოდებით -  „პირველი კლასიდან დღემდე“. მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს, წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს და დამრიგებელი სიამაყით აავსეს.  მოსწავლეებს დამრიგებელმა ნანა ოქროპირიძემ მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებელი, სკოლა და ქვეყანა. 

არაჩვეულებრივი გამოსაშვები ჰქონდათ IV კლასის მოსწავლეებს. თავდაპირველად, სკოლის დირექტორმა, მედეია გურგენაძემ სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა ბავშვები და წარმატებული მომავალი უსურვა. შემდეგ ისინი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული საცხოვრებლები დაათვალიერეს. იყო ლექსები და სიმღერები. მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამასაც შეუერთდნენ და საკუთარი ხელი შექმნეს თიხის ჭურჭელი სამახსოვრო მინაწერით - „IV კლასი“.

ეს ლამაზი დღე ბავშვებმა და მათმა საყვარელმა თამუნა (ხიზანიშვილი) მასწავლებელმა ბანკეტით დაასრულეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არასოდეს დაავიწყდებათ ეს დღე მოსწავლეებს. მათ სამუდამოდ გაყვებათ მაისურებზე ამოტვიფრული თამუნა მასწავლებლის დარიგება: „გვიყვარდეს ერთმანეთი!“. 

„ჩვენც ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ პატარებს და დავამატებთ, რომ სწორედ მათი შეკრული სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს“,- დასძენენ სკოლაში. 

დაწყებით საფეხურს ემოციურად დაემშვიდობა IV კლასიც, რომელმაც გამოსაშვები საღამო სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში გამართა. მოსწავლეებმა ცეკვებით, სიმღერებით, ლექსებითა და გაცოცხლებული იგავებით განვლილი ოთხი წელი შეაჯამეს და წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები რაც კლასის დამრიგებელის - თამარ ბანცაძისა და დაწყებითი საფეხურის სხვა პედაგოგების ხელმძღვანელობით შეიძინეს. 

IV კლასის ღონისძიება - „პატარა ნაბიჯებით დიდი მომავლისკენ“ სიყვარულით, სითბოთი და ემოციებით იყო სავსე. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ ოჯახის, სკოლისა და მასწავლებლების მხარდაჭერა მათი მომავალი წარმატების მყარ საფუძველს ქმნის. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი მარიკა კერესელიძე.

„დღეს, ჩვენი IV კლასელებისთვის განსაკუთრებული დღე იყო - დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად სწრაფად იზრდებიან ბავშვები, როგორ იკრებენ ძალას, ცოდნასა და გამოცდილებას და როგორ ემზადებიან ახალი მწვერვალების დასაპყრობად

სიყვარულით, სითბოთი და ემოციებით სავსე ღონისძიება - „პატარა ნაბიჯებით დიდი მომავლისკენ“ - მათი ოთხწლიანი მოგზაურობის ლამაზი შეჯამება იყო თითოეულმა მოსწავლემ გვაჩვენა, რომ მტკიცე ფესვები, რომლებიც ოჯახმა და სკოლამ ერთად ჩაუყარა, ძლიერი ფრთების გაშლის საფუძველია

მადლობას ვუხდით ჩვენს მოსწავლეებს გულწრფელი ღიმილისთვის, მშობლებს - ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო მასწავლებლებს - სიყვარულითა და თავდადებით გაწეული შრომისთვის.

გილოცავთ, ძვირფასო ბავშვებო! წინ ახალი გზები, ახალი აღმოჩენები და ახალი წარმატებები გელით. გვჯერა, რომ თქვენი ფრთები კიდევ უფრო გაძლიერდება და ყოველთვის თამამად იფრენთ თქვენი ოცნებებისკენ.

გისურვებთ ბედნიერ, საინტერესო და წარმატებებით სავსე მომავალს! სიყვარულით თქვენი მარიკა მასწავლებელი“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი და მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ემშვიდობება. 

დირექტრმა და პედაგოგებმა ოთხივე კლასის მოსწავლეებს წარმატებული მომავალი, ახალი აღმოჩენები და მრავალი გამარჯვება უსურვეს და ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203