„2027 წლის ბოლოს თანამედროვე სტანდარტების სკოლა გვექნება“ - ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება
21-07-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო და როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი არჩილ ხუტუაშვილი etaloni.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, 2027 წლის ბოლოს უკვე მზად იქნება თანამედროვე სტანდარტების სრულად განახლებული სკოლა, რომელიც 350 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. უკვე ორი სასწავლო წელია მოსწავლეებს სხვა სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში უწევთ სწავლა, თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, ამან მთავარი მიზანი ვერ შეცვალა - მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

ინტერვიუში არჩილ ხუტუაშვილი საუბრობს მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ დაწყებულ რეაბილიტაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც დროებით სხვა სივრცეში სწავლებას ახლავს, მოსწავლეთა შემცირებულ რაოდენობაზე, პირველკლასელთა რეგისტრაციაზე, მობილური ტელეფონების შეზღუდვის გადაწყვეტილებასა და იმ მოლოდინებზე, რომლებიც ახალ სასწავლო წელს უკავშირდება:

-პანდემიის დასრულების შემდგომ, როდესაც ონლაინ სწავლებიდან ისევ სკოლას დავუბრუნდით, აღმოვაჩინეთ, რომ მთელი იატაკი აყრილი იყო. როგორც ჩანს, კლიმატურმა პირობებმა დიდი გავლენა მოახდინა შენობაზე... ვინაიდან არც გათბობა იყო ჩართული სკოლაში და არც ჩვენ დავდიოდით, ძველმა ინფრასტრუქტურამ ასეთ რადიკალურ ცვლილებებს ვერ გაუძლო. სკოლაში დაბრუნების შემდგომ ასეთ პირობებში სასწავლო პროცესის წარმართვა შეუძლებელი იყო, ამიტომაც განათლების სამინისტრომ სხვა სკოლაში გადაგვიყვანა. ჩვენი სკოლა კი იმ პრიორიტეტულ სიაში ჩასვეს, რომელთა რეაბილიტაციაც პირველ რიგში იგეგმებოდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი 2-ჯერ ჩაიშალა. მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გაუქმდა და რეგიონულმა განვითარების სააგენტომ გადაიბარა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, თავიდან გამოცხადდა ტენდერი. დაინიშნა ახალი ექსპერტიზა, სკოლის შენობა და დაზიანებები თავიდან შეფასდა და უფრო დიდი ბიუჯეტი გამოიყო.

ტენდერი შედგა, ახლა პროექტის დამუშავება მიმდინარეობს, სექტემბრიდან კი უკვე აქტიური სამუშაოები დაიწყება. სავარაუდოდ, 2027-2028 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, მაქსიმუმ  2027 წლის 31 დეკემბერს უკვე დასრულებული უნდა იყოს სკოლის რეაბილიტაცია. 

-რა ტიპის რეაბილიტაცია იგეგმება და ბოლოს როდის განახლდა სკოლის შენობა?

-სკოლა აშენდა 1971-1972 წელს და ექსპლუატაციაში შევიდა 1973 წელს, ამის შემდეგ სკოლაში კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. 2003-2004 წელს გადაიხურა ცენტრალური სასწავლო კორპუსის სახურავი, ხოლო 2011-2012 წლებში გვერდით მოდგმული შენობის სახურავიც გადაიხურა, რომელშიც სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკაა განთავსებული. ასევე, 2012 წელს შეიცვალა გარე კარ-ფანჯარა - ამის გარდა არაფერი შეცვლილა და არც განახლებულა. დღესაც კი ის საღებავია კედლებზე, რომლითაც აშენებისას შეიღება დერეფნები და საკლასო ოთახები. ახლა იგეგმება სრული რეაბილიტაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ შენობა უნდა იყოს ეკომეგობრული, ენერგოეფექტური... რეაბილიტაციის შემდგომ სკოლა უნდა იყოს აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით.

-როგორც ვიცით, სკოლა 350 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ახლა რამდენი მოსწავლე გყავთ?

-ამ ეტაპზე სკოლაში რეგისტრირებულია 262 მოსწავლე. მიმდინარე მოვლენებმა, რომლებიც სხვა შენობაში გადასვლას და მეორე ცვლას უკავშირდება, გავლენა მოახდინა მოსწავლეებზეც. ნაწილი სხვა სკოლაში გადავიდა მათი საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, რაც ბუნებრივია, რადგან ნამდვილად რთულია მეორე ცვლაში სწავლა.

როცა ახალ სკოლაში დავბრუნდებით, მოლოდინი მაქვს, რომ მოსწავლეთა რაოდენობა გაიზრდება და 300 მოსწავლემდე ავალთ. ჩემი ბავშვებიც დამიბრუნდებიან და ახალ მოსწავლეებსაც მივიღებთ, თუ ნამდვილად ისეთი სკოლა გვექნება, როგორსაც გვპირდებიან, მაშინ ჩვენს მიმართ ინტერესი ნამდვილად გაიზრდება. 

-რაც შეეხება მოსწავლეთა ინტერესს, პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და გვითხარით, რამდენ პირველკლასელს ელოდებით?

-სამწუხაროდ, ახალი სასწავლო წლისთვის მხოლოდ 14 პირველკლასელს ველოდებით. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მომავალ წლებში პირველკლასელთა რაოდენობაც გაიზრდება. 

-თუ დაიწყეთ უკვე მომავალი სასწავლო წლისთვის მზადება, პირველკლასელთა დასახვედრად კომპიუტერები თუ გადმოგეცათ, ან სახელმძღვანელოები? 

-ჯერ არ გადმოგვცემია კომპიუტერები, თუმცა ვიცი, რომ უკვე ჩამოსული და დასაწყობებულია ჩვენს მუნიციპალურ ცენტრში, სახელმძღვანელოები ჯერ არც მინახავს და ვერ გეტყვით, ჯერ ცოტა ადრეც არის, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ველოდებით ხოლმე, ახლაც, სავარაუდოდ, მაგ პერიოდისთვის მივიღებთ. 

-2026-2027 სასწავლო წელს სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება ფორმები. როგორც სკოლის ხელმძღვანელს, ფორმებთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ უკვე ინფორმაცია, როდის ან სად შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმის შეძენას და თქვენ როგორ უყურებთ ამ სიახლეს?

-სიახლეს ნამდვილად დადებითად ვუყურებ და ძალიან მომწონს. რაც შეეხება დანარჩენს, ვიცით განათლების მინისტრის განაცხადი, რომ პირველკლასელებისთვის ფორმები უზრუნველყოფილი იქნება სექტემბრისთვის. სავარაუდოდ, თელავშიც იქნება პუნქტი გახსნილი, საიდანაც შეძლებენ მშობლები ფორმების შეძენას, თუმცა კონკრეტულად სად, არ ვიცი. დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე ჩემთვის არც მისამართია ცნობილი და არც თარიღები, როდიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა. 

-სიახლეებზე ვსაუბრობთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ მობილურების აკრძალვასთან დაკავშირებით მოსაზრება... თქვენ, ალბათ, მიესალმებით ამ ცვლილებას, თუმცა საინტერესოა მოსწავლეების დამოკიდებულება როგორია...

-ვფიქრობ, ეს ის ცვლილებაა, რომელიც დიდი ხნით ადრე უნდა მიეღოთ. დაწყებით საფეხურზე, პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის ამ წესზე მორგება მარტივი იქნება, თუმცა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, ალბათ, ექნებათ უკმაყოფილება, პროტესტი, მაგრამ კანონი კანონია და მას უნდა დავემორჩილოთ. 

-როგორც მითხარით, უკვე 2 სასწავლო წელია სხვა სკოლაში ხართ, რამდენად რთულია ასეთ პირობებში მუშაობა, სწავლება და რამდენად აისახება ეს პროცესი მოსწავლეებზე?

-ნამდვილად რთულია, როგორც უფროსებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად მინიმუმ 200 მოსწავლით მივდივარ სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში. ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენი მოსწავლეები აზიანებენ ინფრასტრუქტურას, რისი ანაზღაურებაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს. ძალიან რთულია ასე, შეკედლებულ მდგომარეობაში ყოფნა, როგორც მასპინძლისთვის, ისე ჩვენთვის.

ეს ყველაფერი სასწავლო მოტივაციაზეც აისახება, არ იყო კონკურსი და აქტივობა, რომ ჩვენ მონაწილეობა არ მიგვეღო, მაგრამ ახლა, ჩვენი რეჟიმიდან გამომდინარე ეს ძალიან რთული გახდა. წარმოიდგინეთ, სწავლას შუადღის 3 საათისთვის ვიწყებთ და საღამოს 8 საათისთვის ვამთავრებთ. ოქტომბრიდან საღამოს რვა საათი უკვე ღამეა, და ამ დროს მოსწავლეების ბიოლოგიური საათი მომართულია დასვენებისთვის, ჩვენ კი ვასწავლით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთულია, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იმ მოსწავლეებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია აკადემიური მოსწრება და სწავლა, ამას ყველანაირ პირობებში ახერხებენ, ვინაიდან მათ აქვთ მიზანი და მოტივაცია. შეუძლებელი არაფერია, მთავარი მონდომებაა და ჩვენც, ჩვენი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსწავლეებს ეს მონდომება არ დავუკარგოთ და გავუჩინოთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203