„ვიცი, ჩემი სიტყვები, ცოდნა და სიყვარული მოსწავლეთა მომავალში ჰპოვებს გაგრძელებას“ - შალვა ხუციშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი
20-07-2026

განათლების რეფორმა, მის ფარგლებში საათობრივი ბადის ოპტიმიზაცია და ახალი სტანდარტების დანერგვა სასწავლო პროცესის ფუნდამენტურ გარდაქმნას ითხოვს და ამ სტრატეგიულ გზაზე თბილისის N219 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაძლია - წარმატებით გავლილი ავტორიზაცია იმის დასტურია, რომ სკოლის მენეჯმენტი და პედაგოგიური გუნდი უმაღლეს აკადემიურ და ინფრასტრუქტურულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

რა რეალურ ცვლილებებს მოიაზრებს ახალი საათობრივი ბადე მოსწავლეებისთვის? რას ნიშნავს სკოლისთვის ავტორიზაცია? რას მოგვიტანს ქართული ენის ცალკე საგნად გამოყოფა და ზოგადად, როგორია სკოლის ხელმძღვანელობა საგანმანათლებლო მასშტაბური რეფორმების „ორომტრიალში“? - etaloni.ge-ს კითხვებს თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი, შალვა ხუციშვილი პასუხობს და იმასაც გვიმხელს, რომ ქართული ენის ცალკე საგნად გამოყოფის გადაწყვეტილება არა მხოლოდ აკადემიური ცვლილება, არამედ ეროვნული იდენტობის, ფუნდამენტური ღირებულებებისა და სახელმწიფო ენის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

- ბატონო შალვა, როგორც ცნობილია, ივნისში თქვენმა სკოლამ მიიღო 9-წლიანი ავტორიზაცია, რაც უდიდესი მიღწევაა. რეფორმის რომელი მოთხოვნების დაკმაყოფილება აღმოჩნდა ყველაზე რთული ამ პროცესში და რა გახდა თქვენი მთავარი სავიზიტო ბარათი საბჭოს წინაშე?

- ავტორიზაციის პროცესი მარტივი არ აღმოჩნდა. დოკუმენტაციისა და შიდა პროცედურების სისტემატიზაცია-გამჭვირვალობა დიდ შრომას მოითხოვს. საბჭოს წინაშე ჩვენი მთავარი მიღწევა კი გახდა ის, რომ მტკიცებულებები შესაბამისობაში იყო სტანდარტის მოთხოვნებთან... ასევე, შედეგები ცხადად გვქონდა ნაჩვენები: მოსწავლეთა მიღწევების დინამიკა, პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და სკოლის საზოგადოებასთან რეალური თანამშრომლობა, არა მხოლოდ ქაღალდზე. რაც შეეხება გამოწვევას, ეს გახლდათ შშმ პირების სკოლის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილების ინფრასტრუქტურული მზაობა, ასევე, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. რაც შესაბამისობის გეგმაშია გაწერილი და მოგვარდება დადგენილ ვადებში.

- განათლების სისტემის რეფორმას არაერთი სიახლე თუ ცვლილება ახლავს... პირველ რიგში, ახალ საათობრივ ბადეზე გკითხავთ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა საგნების განაწილება და პრიორიტეტები. როგორ მიიღო სკოლის გუნდმა ცვლილება და რა კონკრეტული გამოწვევები თუ პლუსები დაინახეთ?

- რეფორმის ფარგლებში საათობრივი ბადის განახლება მნიშვნელოვანი ცვლილებაა... უნდა აღვნიშნო, რომ გუნდისთვის ეს რთული, მაგრამ საჭირო პროცესი იყო. პირველ ეტაპზე მასწავლებლების ნაწილი შიშობდა, ზოგიერთ საგანში დატვირთვის შემცირებიდან გამომდინარე, საათები შემცირდებოდა, თუმცა როცა ერთად გაანალიზდა ახალი გეგმა საგნობრივ ჯგუფებში, დავინახეთ, რომ ცვლილება საშუალებას გვაძლევს, მეტი აქცენტი გავაკეთოთ პრაქტიკულ და კომპლექსურ დავალებებზე.

მისასალმებელია პირველ კლასში პირველი უცხოური ენის ამოღება საათობრივი ბადიდან. ჩვენი აზრით, ეს გამართლებულია, ვინაიდან უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მშობლიური ენის სწავლების ხარისხზე და საბაზისო მათემატიკური უნარების განვითარებაზე.

მთავარი გამოწვევა იყო კადრების გადანაწილება ისე, რომ არავის დაქვეითებოდა საათობრივი დატვირთვა მკვეთრად.

- მოახერხეთ ბალანსის დაცვა?

- საათობრივი ბადე სკოლის მუშაობის მთავარი ხერხემალია, რადგან სასწავლო პროცესის ორგანიზებას განაპირობებს... ვცდილობთ, ბალანსი დავიცვათ სასწავლო წლის დასაწყისშივე გამჭვირვალე დაგეგმვით და მასწავლებლებთან ინდივიდუალური საუბრებით, რათა ყველამ წინასწარ იცოდეს დატვირთვა და გეგმები.

- კომპლექსურ დავალებებზე რას ფიქრობთ, რომელიც თავის დროზე მშობელთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა... როგორ ახერხებენ თქვენი პედაგოგები, რომ ეს დავალებები ბავშვისთვის დამღლელი რუტინა კი არ იყოს, არამედ რეალური აღმოჩენების პროცესად იქცეს?

- მიმაჩნია, რომ კომპლექსური დავალება მოსწავლეებისთვის საინტერესო და აღმოჩენაზე ორიენტირებული უნდა იყოს და არ უნდა დაემსგავსოს „დიდი მოცულობის დავალებას“. აუცილებელია დაგეგმვის პროცესში ჩავრთოთ მოსწავლეები, გავითვალისწინოთ მათი სურვილები და ინტერესები. ასევე, მივცეთ არჩევანის თავისუფლება ნამუშევრის წარმოსადგენად (ნახატი, პოსტერი, როლური თამაში, ვიდეორგოლი, ანიმაცია, ესე და ასე შემდეგ). მასწავლებლები ცდილობენ დავალებები დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას, დაყონ პატარა ეტაპებად, დაუკავშირონ მოსწავლეთა გამოცდილებას, მისცენ ყველა ეტაპზე უკუკავშირი, შეაქონ პროგრესი... მთავარია, დავალება ბავშვს კითხვას უჩენდეს და მხოლოდ პასუხს არ ითხოვდეს. ასეთი მიდგომა დავალებას აქცევს კვლევის, აღმოჩენისა და შემოქმედებითი პოტენციალის წყაროდ.

- ქართული ენა ცალკე საგნად გამოიყო. დაგვეთანხმებით, მასწავლებლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ლიტერატურის სწავლებისას გრამატიკისთვის დრო აღარ რჩებოდათ. როგორ შეხვდა თქვენი სკოლის კათედრა ამ ცვლილებას?

- ქართული ენის ცალკე საგნად გამოყოფა მასწავლებელთა მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. ცვლილება იმითაც მნიშვნელოვანია, რომ ხელს უწყობს ლიტერატურისა და ენობრივი საკითხების უფრო სისტემურ და ხარისხიან სწავლებას. მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან ორთოგრაფიას, მორფოლოგიას, სინტაქსს, პუნქტუაციას, ხოლო ლიტერატურას უფრო დამოუკიდებელ მიმართულებად გაეცნობიან.

- მით უმეტეს, უკვე ცნობილია, რომ ლიტერატურის ახალი სტანდარტით, ახალ სახელმძღვანელოებში პროგრამას 27 ლექსი დაემატა, რაც ნიშნავს, რომ ბავშვებს მეტი კითხვა, ზეპირად სწავლა და ემოციური გააზრება მოუწევთ. არიან მზად თანამედროვე მოსწავლეები ასეთი დატვირთვისთვის?

- მოსწავლეები ლიტერატურის ახალი სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მასალის ათვისებას შეძლებენ, თუ სწავლების პროცესი სწორად დაიგეგმება.

- რას გულისხმობთ?

- თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება... აქ გამოწვევა უფრო მასწავლებელთა მხარესაა - 27 ახალი ლექსის დამატება თავისთავად გამოწვევა იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაზეპირება, არამედ გააზრება და ანალიზი. მოსწავლეები უნდა იცნობდნენ კლასიკოსი მწერლების შემოქმედებას და ზეპირად თუ ვერ დაისწავლიან, შინაარსის გაგება, გააზრება, გაანალიზება მნიშვნელოვნად განავითარებს მათ აზროვნებას და გააფართოებს თვალსაწიერს.

- თქვენს სკოლაში აქტიურად მუშაობს ქართული ენის კლუბი „თანამგზავრი“, ტარდება საგნობრივი კვირეულები. გეგმავთ თუ არა ამ მიმართულების გაფართოებას?

- „თანამგზავრის“ წარმატება გვიჩვენებს, რომ მოსწავლეებს სურთ ენასთან ცოცხალი, არაფორმალური კავშირი. გვინდა მსგავსი ფორმატი დავამატოთ სხვა საგნებშიც და გავზარდოთ სკოლათაშორისი თანამშრომლობა.

- ბატონო შალვა, სკოლის მართვა რეფორმების პერიოდში უდიდეს ენერგიას მოითხოვს, მკაცრი მენეჯერი ხართ?

- სკოლის მართვა რეფორმების პერიოდში მართლაც მოითხოვს უდიდეს ენერგიას... მკაცრი ვარ, ოღონდ სტანდარტების და არა ადამიანების მიმართ. მიმაჩნია, რომ სამართლიანობა, ობიექტურობა და თანმიმდევრულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმკაცრე. თავისთავად, გუნდმა უნდა იცოდეს, რას ველოდები მათგან, და ეს მოლოდინი სტაბილური და სამართლიანი უნდა იყოს.

- როგორც დირექტორს, რა მიგაჩნიათ პირად ყველაზე დიდ გამარჯვებად ამ სკოლის კედლებში და რა არის ის მთავარი კვალი, რომლის დატოვებაც გსურთ?

- ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ გუნდმა შეძლო ცვლილებების პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერა. სკოლაში შექმნილია უსაფრთხო გარემო, სწავლა-სწავლების კარგი პირობები, მშობლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, გვაქვს საზოგადოების ნდობა. მთავარ კვალს რაც შეეხება, მინდა, სკოლა იყოს ადგილი, სადაც ღირებულებებზე დაფუძნებული, ძლიერი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კულტურა იქნება დანერგილი, სადაც მოსწავლესაც და მასწავლებელსაც თანაბრად აინტერესებთ განვითარება.

- თქვენს სკოლაში 20-ზე მეტი პედაგოგია, რომელთა ნაწილს ალბათ მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს, ნაწილი კი ახალი ნაკადია. როგორ ახერხებთ თაობათა შორის ხიდის გადებას და პედაგოგებში მოტივაციის შენარჩუნებას, როცა მოთხოვნები სისტემის მხრიდან ყოველდღიურად იზრდება?

- ვცდილობთ, გამოცდილი და ახალბედა პედაგოგები ერთმანეთს დავუახლოვოთ მენტორობის პრინციპით - გამოცდილი მასწავლებელი კი არ აკონტროლებს ახალგაზრდას, არამედ მისი მხარდამჭერია; ამასთან, ყოველი პედაგოგის წვლილი დაფასებული უნდა იყოს... ძველი და ახალი თაობის პედაგოგთა თანამშრომლობა ყველა სკოლისთვის მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, მათი გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების შერწყმა საუკეთესო შედეგს იძლევა. აუცილებელია ურთიერთპატივისცემა, პროფესიული განვითარება (ტრენინგები, კონსულტაციები, გამოცდილების გაზიარება), ღია კომუნიკაცია და თანამშრომლობა სკოლაში.

- რა გსურთ, რომ გაჰყვეს თქვენს მოსწავლეებს სკოლის კედლებიდან ცოდნასთან ერთად?

- ვფიქრობ, ჩვენს მოსწავლეებს სკოლა უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ უვითარებდეს პასუხისმგებლობის გრძნობას, დამოუკიდებელ აზროვნებას, ადამიანურ ღირებულებებსა და სოციალურ უნარებს, რომლებიც მათ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამოადგებათ. ასევე, ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა წაიღონ თავდაჯერებულობა, საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი და შეძლონ, თამამად დასვან კითხვები.  

- დაბოლოს, ბატონო შალვა, როდესაც სკოლის შენობაში შუქები ქრება, მოსწავლეები იშლებიან და კაბინეტში მარტო რჩებით, რა არის თქვენი, როგორც ხელმძღვანელის მთავარი საფიქრალი?

- მთავარი საფიქრალი მარტო დარჩენისას? ეს წუთები ხშირად სწორედ ის დროა, როცა ვფიქრობ არა დღევანდელ პრობლემებზე, არამედ იმაზე, რას გავაკეთებთ განსხვავებულს ხვალ, როგორ შევინარჩუნო გუნდის ენერგია და როგორ დავრჩე ერთგული იმ ღირებულებებისა, რისთვისაც ამ საქმეს ვაკეთებთ.

მარტო შეიძლება კაბინეტში დავრჩე, მაგრამ ცხოვრებაში არასოდეს. ვიცი, რომ ჩემი სიტყვები, ცოდნა და სიყვარული მოსწავლეთა მომავალში ჰპოვებს გაგრძელებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203