„ჩემი საუკეთესო პრაქტიკა - გამოცდილება, რომელიც გვაძლიერებს“ - სკოლა „ანაბასისში“ II შიდასასკოლო პროფესიული კონფერენცია გაიმართა 
20-07-2026

„ზოგჯერ ერთი იდეა ცვლის გაკვეთილს... ერთი წარმატებული გამოცდილება – მასწავლებლის მუშაობის სტილს... ხოლო გამოცდილების გაზიარება – მთელი სკოლის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლა „ანაბასისში“, სადაც სწორედ ამ რწმენით გაიმართა II შიდასასკოლო პროფესიული კონფერენცია, რომელიც კიდევ ერთხელ იქცა პროფესიული თანამშრომლობის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ურთიერთსწავლის ნამდვილ ზეიმად.

კონფერენციის დევიზი იყო - „ჩემი საუკეთესო პრაქტიკა - გამოცდილება, რომელიც გვაძლიერებს“ და „ვიზიარებთ გამოცდილებას - ერთად ვქმნით უკეთეს სკოლას“.

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს. წარმოდგენილი იყო რემედიაციის თანამედროვე მიდგომები ინგლისურ ენაში, ინტეგრირებული პროექტები მოქალაქეობასა და ხელოვნებაში, მოსწავლეთა მიერ შექმნილი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები, ნახატები, კროსვორდები, უფროსკლასელთა მიერ უმცროსკლასელებისთვის განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები, „მეცნიერება სამზარეულოში“, ეკოლოგიური ტურნირები, ტრადიციული სასკოლო ღონისძიებები, STEAM-სწავლების პრაქტიკა, ინოვაციური გაკვეთილები, სასკოლო პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოება“ და ახალი ინიციატივა „მე შემიძლია“, რომელიც განსაკუთრებულად აძლიერებს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის პარტნიორობას.

როგორც სკოლში გვიყვებიან, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შესაძლებლობებსაც, რომლებიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ეროვნული და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ეძლევათ. აღინიშნა, რომ ასეთ პროექტებში ჩართულობა შესაძლებელია უკვე დაწყებითი კლასებიდან და სწორედ ადრეული ასაკიდან ვითარდება კვლევის, თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი უნარები.

„ამ მიმართულებით სკოლა „ანაბასისი“ წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივებში. ამ საქმიანობის აღიარებად სკოლა დაჯილდოვებულია მიმდინარე სასწავლო წელს  eTwinning-ის, პროექტ „მედიაწიგნიერების“ და საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების სერტიფიკატებით. ეს წარმატება თითოეული პედაგოგისა და მოსწავლის შრომის, შემოქმედებითი მიდგომისა და მუდმივი განვითარების შედეგია.

ასევე განსაკუთრებული სიამაყით აღინიშნა ჩვენი სკოლის ნაყოფიერი თანამშრომლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებში არაერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა, და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის სტუდენტები პედაგოგიურ პრაქტიკას გადიან სკოლა „ანაბასისში“ ჩვენი დაწყებითი კლასების გამოცდილი მასწავლებლების ხელმძღვანელობით. ასეთი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც მომავალი მასწავლებლების პროფესიულ ჩამოყალიბებას, ისე ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებასა და განვითარებას.

თითოეული პრეზენტაცია იყო იმის დასტური, რომ ჩვენს სკოლაში ინოვაცია მხოლოდ იდეა არ არის – ის ყოველდღიური პრაქტიკაა. აქ პროექტები არ სრულდება მხოლოდ პრეზენტაციით; ისინი აგრძელებენ ცხოვრებას მოსწავლეთა განვითარებაში, პასუხისმგებლობის აღებაში, თანამშრომლობის კულტურასა და იმ უნარებში, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება“,- აღნიშნავენ სკოლაში და განსაკუთრებით ახარებთ, რომ კონფერენციის დასაწყისში დასახული ყველა მიზანი და მოსალოდნელი შედეგი სრულად განხორციელდა. შეიქმნა საუკეთესო პრაქტიკების კიდევ უფრო მდიდარი ბანკი, გაძლიერდა პროფესიული თანამშრომლობა, გავრცელდა ინოვაციური მიდგომები და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლის მთავარი ძალა ერთმანეთისგან სწავლაა.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო იყო ის პროფესიული ენერგია, ახალი იდეები და შთაგონება, რომელიც თითოეულმა მონაწილემ თან წაიღო.

„გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა პედაგოგს, რომელმაც საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარა. თქვენი პროფესიონალიზმი, შემოქმედებითობა და განვითარების მუდმივი სურვილი ქმნის იმ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც იზრდება არა მხოლოდ მოსწავლე, არამედ თავად მასწავლებელიც.

ამბობენ, რომ საუკეთესო მასწავლებელი ის არის, ვინც არასოდეს წყვეტს სწავლას. ჩვენ კი დავამატებდით — საუკეთესო სკოლა ის არის, სადაც მასწავლებლები ერთმანეთს ასწავლიან.

როდესაც გამოცდილება არ ინახება, არამედ ზიარდება — იბადება ახალი იდეები.
როდესაც ერთმანეთს ვაძლიერებთ — ძლიერდება სკოლა.
ხოლო როდესაც სკოლა ძლიერდება — იქ იზრდება თაობა, რომელსაც შეუძლია უკეთესი მომავლის შექმნა.

ეს იყო არა მხოლოდ კონფერენცია, არამედ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი საერთო მიზნისკენ — ვიყოთ სკოლა, რომელიც მუდმივად სწავლობს, ვითარდება და საკუთარ გამოცდილებას მომავლის სამსახურში აყენებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203