
თბილისის N117 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საერთაშორისო წარმატებას აღნიშნავენ და სიხარულითა და სიამაყით ულოცავენ ახალგაზრდებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას.
ბულგარეთის ქალაქ ნესებარში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე „ნესებარი – ხელოვნების კუნძული“, ანსამბლმა „ტიფლისმა“, ირაკლი სარალიძის ხელმძღვანელობით, ღირსეულად წარმოადგინა საქართველო და პირველი ადგილი მოიპოვა.
ანსამბლის წევრები თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მათ საერთაშორისო სცენაზე დიდი წარმატებით შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები „აჭარული“ და „მთიულური“, რომლებმაც მაყურებლისა და ჟიურის განსაკუთრებული მოწონება და ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს გამარჯვება კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან ყველა მოცეკვავისთვის ეს იყო პირველი მოგზაურობა საქართველოს ფარგლებს გარეთ და პირველი მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალში. მიუხედავად ამისა, მათ მაღალი ოსტატობით, თავდაჯერებითა და ქართული ცეკვის სიყვარულით ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა.
„ვულოცავთ ანსამბლ „ტიფლისის“ ხელმძღვანელს ირაკლი სარალიძეს, ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ყველას, ვინც ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.
გისურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას, შემოქმედებით წინსვლას, საერთაშორისო აღიარებასა და საქართველოს სახელის ღირსეულად გატანას მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.