
ზაფხული, რომ კითხვისთვის საუკეთესო დროა თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათ წიგნის მნიშვნელობასა და კითხვის სიყვარულს შთააგონებენ და ამ გზით, როგორც მათი წიგნიერების დონის, ისე კრიტიკული აზროვნებისა და თვალაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
VIე კლასის მოსწავლეებმა საზაფხულო არდადეგების წინ ვიდეორგოლი ჩაწერეს, სადაც გვიზიარებენ ინფორმაციას თავიანთ საყვარელ წიგნებთან დაკავშირებით და თანატოლებს საინტერესო ნაწარმოებებსაც ურჩევენ ზაფხულის არდადეგებზე წასაკითხად.
კლასის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი ნაზი კობახიძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს წაკითხულის გააზრების უნარის განვითარებას, რადგან სწორედ ეს უნარი ეხმარება მოსწავლეებს მათემატიკური ამოცანების პირობის სწორად გააზრებაში, ლოგიკურ მსჯელობასა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრაში. კითხვა ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს და ქმნის მყარ საფუძველს წარმატებული სწავლისთვის.
„გვჯერა, რომ თითოეული წაკითხული წიგნი მოსწავლის ცოდნასა და გამოცდილებას ამდიდრებს, აფართოებს მის თვალსაწიერს და შთააგონებს ახალი აღმოჩენებისკენ.
გისურვებთ წიგნებით, საინტერესო აღმოჩენებითა და შთაგონებით სავსე ზაფხულს“,- აღნიშნავენ სკოლაში.