
თბილისის N128 სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
მათ, შორის სკოლამ მიიღო მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარებულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულში - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ჩატარდა 2026 წლის 8-12 ივნისს.
კვირეული მიზნად ისახავდა მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, მათ დაახლოებას თანამედროვე სამეცნიერო გარემოსთან, მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავებასა და ქართველი მეცნიერების საქმიანობის ფართო საზოგადოების წინაშე წარმოჩენას.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო ღია კარის დღეები კვლევით ლაბორატორიებში, საჯარო ლექციები და სამეცნიერო შეხვედრები მოსწავლეებთან.
9 ივნისს თბილისის N128 საჯარო სკოლის Xა, Xგ და XIა კლასის მოსწავლეები ვიზიტით იმყოფებოდნენ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. მათ მოისმინეს ლექციები თემებზე:
• ქიმიის როლი არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ეკოლოგიურ დაცვაში;
• ენერგეტიკული დანიშნულების წიაღისეული (ნავთობი, ბუნებრივი ბიტუმები) და ბიოსაწვავები.
ლექციების შემდგომ მოსწავლეებმა დაათვალიერეს კვლევითი ლაბორატორია და მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ კვლევით სამუშაოებში. მეცნიერები ამომწურავად პასუხობდნენ მოსწავლეების კითხვებს, ისმენდნენ მათ მოსაზრებებს. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი უფრო მეტად გაეცნოთ სამეცნიერო კვლევები და მათი გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე.
„მსგავსი აქტივობები დიდ გავლენას ახდენს უნივერსიტეტებს, სკოლებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში, ახალგაზრდებში მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის მიმართ ინტერესის ზრდაში, საბუნებისმეტყველო მიმართულების პოპულარიზაციაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: