საქართველოს განათლების სისტემა დიდი ცვლილებების ფაზაშია და აქედან გამომდინარე, სკოლის მართვა მოითხოვს არა მხოლოდ ჩართულობას, არამედ მკაცრად გაწერილ სტრატეგიას, მენეჯმენტს და გრძელვადიან ხედვას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზემოხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ნიკოლაიშვილი etaloni.ge-სთან ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ რეფორმა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი წესები არ გახლავთ: „ესაა ყოველდღიური შრომა, თითოეულ კლასში, თითოეულ მოსწავლესთან. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე მცირეკონტინგენტიან სკოლას ეხება“.
უდავოა, პატარა სკოლის მართვა ორმაგ პასუხისმგებლობას ნიშნავს - როგორ აქციო მცირე კონტინგენტი არა შეზღუდვად, არამედ პრივილეგიად და როგორ მისცე სოფლად მცხოვრებ მოზარდს ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი სტარტი. ამ რთულ, მაგრამ საპატიო გზაზე კი, დირექტორის სტრატეგიულ ხედვასთან ერთად, უმთავრესი საყრდენი მასწავლებელთა თავდადება და პროფესიონალიზმია.
მაშ ასე, ზემოხეთის საჯარო სკოლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი სასკოლო რეფორმაზე საუბრობს.
9-წლიანი საბაზო საფეხური და მოსწავლის ინტერესები
საბაზო 9-წლიანი განათლების დაბრუნებას საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენად პასუხობს ეს გადაწყვეტილება თანამედროვე გამოწვევებს და როგორ აისახება უშუალოდ მოსწავლის ინტერესებზე? - საკითხის გარშემო არაერთი კითხვაა, ერთადერთი აქსიომა კი ის გახლავთ, რომ ცვლილება მოზარდებს, მათ მომავალს ეხება.
საგანმანათლებლო სისტემა მუდმივად ვითარდება და პერიოდულად გადაიხედება რეფორმები პრაქტიკული გამოცდილებისა და შედეგების საფუძველზე. თუ მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ შეცვლა ეფექტიანი იქნება, შესაბამისი ცვლილებებიც ხორციელდება. ვფიქრობ, 9-წლიან საბაზო განათლებაზე დაბრუნების მიზანიც სწორედ უკეთესად ორგანიზება და მოსწავლის საუკეთესო ინტერესებზე მორგებაა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რეფორმა საბოლოოდ მისი შედეგებით უნდა შეფასდეს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის.
2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადის ახალი აქცენტები
საათობრივი ბადე სკოლების მთავარი სტრატეგიული ინსტრუმენტია, რომელიც სასწავლო პროცესის დინამიკას, მოსწავლის დატვირთვასა და თითოეული საგნის ეფექტურობას განსაზღვრავს, ამ ყველაფრის ერთიანობა კი სკოლაში განათლების ხარისხს განაპირობებს:
საათობრივი ბადე და სასკოლო გეგმა სამინისტროს მიერაა განსაზღვრული და ეფუძნება სპეციალისტების რეკომენდაციებსა და საერთაშორისო გამოცდილებას.
მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან... რეალურად პირველი კლასის მთავარი მიზანია, ბავშვმა კარგად განივითაროს წერა-კითხვის, მეტყველებისა და მათემატიკური აზროვნების საბაზისო უნარები. ვფიქრობ, სწორედ ამ უნარების გაძლიერებაზე კეთდება აქცენტი.
მასწავლებლის სტატუსი - მისია და პასუხისმგებლობა
ნებისმიერი ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ძალა მასწავლებელია. კლასში შესული პედაგოგის მოტივაცია, მისი კარიერული ზრდა და სტატუსი პირდაპირ განსაზღვრავს გაკვეთილის ხარისხს. თუმცა, აღიარებასთან ერთად, ახალი სქემა დიდ პასუხისმგებლობასა და რეალურ გამოწვევებს აჩენს, რაც მართვის სრულიად ახალ მიდგომებს მოითხოვს:
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსი მხოლოდ პროფესიული აღიარება არ არის, ის დამატებით პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ვფიქრობ, ეს სამი მიმართულება: მართვა-ადმინისტრირება, სწავლა-სწავლების გაუმჯობესება და საგანმანათლებლო კვლევა მნიშვნელოვანია სკოლის განვითარებისთვის.
როცა გამოცდილი მასწავლებლები მხარს უჭერენ კოლეგებს და ერთვებიან სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში, ამით მთელი სკოლა და რაც მთავარია მოსწავლეებიც სარგებლობენ. თუმცა, მნიშვნელოვანია, ეს დამატებითი საქმიანობა იყოს რეალისტურად დაგეგმილი, მასწავლებლებს ჰქონდეთ საკმარისი დრო და რესურსი, რათა ძირითადი საქმიანობის პარალელურად ეფექტურად შეასრულონ მოვალეობები.
P.S. ასევე კარგი იქნება, გადაიხედოს მასწავლებლების სტატუსის დანამატის საკითხი.
მცირეკონტინგენტიანი სკოლის გამოწვევები და უპირატესობები
როცა კლასში რამდენიმე მოსწავლეა, განათლება შაბლონურ სტატისტიკას სცდება და თითოეული ბავშვის ბედზე ინდივიდუალურ ზრუნვად იქცევა. თუმცა, მცირეკონტინგენტიანი სკოლის შენარჩუნება მხოლოდ საგანმანათლებლო ამოცანა არ არის - ეს სოფლის დაცლისგან გადარჩენის ერთადერთი გზაა, რაც შეზღუდული რესურსების ფონზე, სრულიად განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს.
სკოლა სოფლის სიცოცხლისა და განვითარების საფუძველია. როდესაც სოფელში სკოლა ფუნქციონირებს, ოჯახებს მეტი მოტივაცია აქვთ, შვილები მშობლიურ გარემოში აღზარდონ. ასეთი სკოლების მთავარი უპირატესობაა თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალური ყურადღების მიქცევა. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევებიც: შეზღუდული ადამიანური და მატერიალური რესურსები. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მცირეკონტინგენტიან სკოლებს განსაკუთრებული მხარდაჭერა გაუწიოს. ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ განათლებაში, არამედ სოფლისა და ქვეყნის მომავალში.
თანასწორობა და ახალი წესები: როგორ ცვლის სასკოლო გარემოს ფორმები და მობილურების შეზღუდვა
სასწავლო პროცესის ხარისხი ხშირად ისეთ დეტალებზეა დამოკიდებული, რომლებიც კლასში წესრიგსა და თანასწორობას განაპირობებს. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მოსწავლის ინტერესის შენარჩუნება და სოციალური ბარიერების წაშლა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. როგორ უნდა იპოვოს სკოლამ ბალანსი მკაცრ დისციპლინასა და ბავშვის კომფორტს შორის?
მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილებზე უნდა იყოს მკაფიოდ რეგულირებული, როდესაც მოსწავლე გაკვეთილზე ყურადღებას ტელეფონზე ამახვილებს, ეს უარყოფითად აისახება როგორც მის, ისე მთელი კლასის სასწავლო პროცესზე. ვფიქრობ, ტელეფონის შეზღუდვა ხელს შეუწყობს მოსწავლის კონცენტრაციას და აამაღლებს სწავლების ხარისხს. ამასთან, მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მოსწავლისა და მშობლის კომუნიკაცია.
რაც შეეხება სასკოლო ფორმებს, რეგულაცია ჩამოაყალიბებს სასკოლო კულტურას, შეამცირებს მოსწავლეებს შორის ჩაცმულობით გამოწვეულ უთანასწორობას... ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ფორმა იყოს პრაქტიკული, კომფორტული და ხელმისაწვდომი ყველა ოჯახისთვის.