
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეოთხე კლასის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
ემოციებითა და თბილი მოგონებებით სავსე ღონისძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა - წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა წარადგინეს მრავალფეროვანი მხატვრული პროგრამა - შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს ერთად გატარებული წლები და მადლიერება გამოხატეს პირველი მასწავლებლის მიმართ იმ ცოდნის, მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იღებდნენ.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
მათ წინ კიდევ არაერთი საინტერესო წელი ელით, თუმცა პირველი მასწავლებლისგან მიღებული ცოდნა, გამოცდილება და თბილი მოგონებები მათი სასკოლო ცხოვრების განუყოფელ ნაწილად დარჩება.
„ვულოცავთ ჩვენს მეოთხე კლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას!
ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ სასკოლო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, გისურვებთ მხიარულ, საინტერესო წარმატებებით სავსე წლებს . ყოველთვის შეინარჩუნეთ სწავლისა და განვითარების სურვილი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.
იხილეთ ფოტოები: