გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარუშლელი შთაბეჭდილებებით სავსე საგანმანათლებლო ტური
09-07-2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

სასწავლო წლის ფარგლებში დაგეგმილი საგანმანათლებლო ექსკურსიისას მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის არაერთი მნიშვნელოვანი ადგილი მოინახულეს.

მოგზაურობა დაიწყო სოფელ სხვიტორში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მოსწავლეებმა ასევე  სოფელ არგვეთში, პატივი მიაგეს ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი შემოქმედება.

საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ პაოლო იაშვილისა და „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებით მემკვიდრეობას.

ექსკურსიის დასკვნითი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გაჩერება იყო კაცხის სვეტი - საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა, რომელმაც მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

გასვლითმა გაკვეთილმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი თვალით ეხილათ საქართველოს კულტურული და ისტორიული საგანძური.

„მოიარე საქართველო ფეხდაფეხ და ნახე რაოდენ ცამდე ამაღლებულია მთელი მისი დიდებულებით. გერქვას ქართველი, ეს დიდი პატივია! (დაწყებითი კლასების მიერ განხორციელებული საპროექტო გეგმაზომიერი აქტივობები, გაკვეთილი საკლასო გარემოს მიღმა, წარუშლელი შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე, შეუფასებელი სიმდიდრის მქონე ერი!) სხვიტორი, სავანე-პოეზიის ბულბული, საქართველოს უგვირგვინო მეფე, საზოგადო მოღვაწე... აკაკი წერეთელი, მთელი მისი შემოქმედებით... ქვეყანაზე უზომოდ მზრუნველი და მოამაგე..... ბატონი მუხრან მაჭავარიანი, პაოლო იაშვილი, ცისფერყანწელები... ქვეყნის ბედიღბლით შეწუხებული ქართველობა.

....თაობები მათ კვალდაკვალ იზრდებიან.... სწორედ აქ არის ჩვენი ვალიც, სამშობლოს უბადლო სიყვარულიც და თვითგადარჩენაც!

საექსკურსიო ბოლო გაჩერება... „კაცხი სვეტი”... უფლის. დიდება და მადლი!

... შეგვეწიოს და გვფარავდეს!“,- გვიყვება პედაგოგი ნინო სილაგაძე და ექსკურსიის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203