
2026 წლის 7 ივლისის ჩათვლით წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა უნდა დაწერონ განცხადება დირექტორის სახელზე, რათა საჯარო სკოლამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრმა შეძლონ სტატუსის შესაბამისად, არჩეული მიმართულების სათანადო ფუნქციების განსაზღვრა.
მასწავლებლებს სქემით განსაზღვრული სავალდებულო ფუნქციების შესასრულებლად ერთ-ერთი მიმართულების არჩევა ევალებათ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის N641 დადგენილებით.
წამყვანმა მასწავლებელმა უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით, მენტორმა - რესურსცენტრს.
ინფორმაციისთვის: სკოლის მიერ შეთავაზებული საქმიანობა იყოფა სამ ძირითად მიმართულებად:
სწავლა-სწავლება: კოლეგების პროფესიული მხარდაჭერა, ახალი მეთოდების დანერგვა, ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა და მენტორობა.
მართვა და ადმინისტრირება: სკოლის განვითარების გეგმაზე მუშაობა, პროექტების მართვა და ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართულობა.
საგანმანათლებლო კვლევა: სკოლის გამოწვევების ანალიზი, კვლევითი საქმიანობა და პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების ძიება.