
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი ნიჭისა და უნარების გასავითარებლად კი არაერთი აქტივობა იმართება.
სასწავლო წლის მიწურულს, სკოლაში, საწრეო-საკლუბო შეხვედრების ფარგლებში („გააცოცხლე ზღაპარი”), მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო შემაჯამებელი აქტივობა მოაწყვეს.
მე-4 კლასელებმა სასკოლო საზოგადოებას თოჯინური სპექტაკლი წარუდგინეს. ბავშვებმა სპექტაკლი ცნობილი ზღაპრის - „წითელქუდას“ მიხედვით დადგეს.
იდეის ავტორი და ორგანიზატორი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ხატია მეკოკიშვილი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების დახმარებით და ხელმძღვანელობით სპექტაკლისთვის საჭირო თოჯინები და დეკორაციები მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნეს.
„აქტივობის მთავარი მიზანი, მოსწავლეების გუნდურობა, მათი ჩართულობა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და რაც მთავარია, ამ ყველაფრის სახელმწიფო ენაზე შესრულება იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: