
სკოლა „ანაბასისის“ პირველკლასელებისთვის ქართული ენის შემაჯამებელი გაკვეთილი განსაკუთრებულად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
სასწავლო პროცესი სკოლის ფსიქოლოგთან თანამშრომლობით წარიმართა და მოსწავლეებს ემოციების სამყაროში მოგზაურობის საშუალება მისცა.
გაკვეთილზე ბავშვებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ბრაზის მართვა, წყენის მიზეზების გაცნობიერება, სიხარულის გაზიარება და საკუთარი განცდების სწორად გამოხატვა. სპეციალურად შექმნილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში მათ ემოციების მრავალფეროვანი სამყარო აღმოაჩინეს და ისწავლეს, თუ როგორ შეიძლება საკუთარი გრძნობების ამოცნობა და სხვების ემოციების გაგება.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მარიამ ჭულუხაძე და სკოლის ფსიქოლოგი ელისო ლელაძე ხელმძღვანელობდნენ.
წარმატებული ერთობლივი პროექტის დეტალებს პედაგოგი მარიამ ჭულუხაძე გვიყვება.
„როგორ უნდა ვძლიოთ ბრაზს, რა იმალება წყენის მიღმა ან როგორ გავუზიაროთ სხვებს ჩვენი უსაზღვრო სიხარული? ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხებს ჩვენი პირველი კლასის მოსწავლეები საინტერესო პროექტის ფარგლებში ეძებდნენ.
სკოლის ფსიქოლოგთან ერთად შევქმენით სივრცე, სადაც პატარებმა ემოციების დიდ სამყაროში იმოგზაურეს. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი ქართული ენის გაკვეთილებზე ნასწავლ, მათთვის საყვარელ მოთხრობებსა და იგავებს დავუკავშირეთ — ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ემოციებს იწვევს ესა თუ ის ტექსტი ჩვენში.ბავშვებთან ერთად კიდევ ერთხელ გადავიკითხეთ ნაცნობი ტექსტები და შევეცადეთ დაგვენახა, თუ რას გრძნობდნენ პერსონაჟები ამა თუ იმ სიტუაციაში.
ვიმსჯელეთ იმაზე, თუ კონკრეტულად ჩვენში რა განცდებს, ფიქრებსა და ემოციებს იწვევდა ესა თუ ის მოთხრობა.
ფსიქოლოგის დახმარებით, პატარებმა ისწავლეს მარტივი და ეფექტური ხერხები, თუ როგორ ამოიცნონ საკუთარი ემოციები და როგორ მართონ ისინი პოზიტიურად.
ეს პროექტი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა ჩვენი ძვირფასი მშობლების გარეშე! ისინი აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, მხარი დაუჭირეს შვილებს და დაგვეხმარნენ, რომ კლასში დაწყებული საუბრები და ემოციური სავარჯიშოები ბავშვებს სახლშიც, ოჯახურ გარემოშიც გაეგრძელებინათ.
საოცარი იყო იმის ყურება, თუ როგორ გულწრფელად მსჯელობდნენ ჩვენი პირველკლასელები და როგორ სწავლობდნენ ერთმანეთის ემოციების პატივისცემას.
უღრმესი მადლობა ჩვენს ფსიქოლოგს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მშობლებს — ასეთი გვერდში დგომისა და ჩართულობისთვის, და რა თქმა უნდა, ჩვენს უნიჭიერეს პატარებს ასეთი აქტიურობისთვის!“- აღნიშნავს პედაგოგი.
სკოლა „ანაბასისში“ ახარებთ საინტერესო ინიციატივები და პედაგოგ მარიამ ჭულუხაძესა და ფსიქოლოგი ელისო ლელაძეს წარმატებულ პროექტს ულოცავენ.
„გილოცავთ, თქვენმა ერთობლივმა პროექტმა მიზანს მიაღწია!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: