My Little Green World - ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში საერთაშორისო პროექტი წარმატებით დასრულდა 
01-07-2026

წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში. eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში. 

მათ შორის, სკოლაში წარმატებით დასრულდა მასშტაბური eTwinning პროექტი, სახელწოდებით - My Little Green World, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას.

პროექტმა გააერთიანა 5 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, სერბეთი, რუმინეთი და მოლდოვა) საგანმანათლებლო სივრცე, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული 18 პედაგოგი და 146 მოსწავლე. საქართველოდან ამ ინტერნაციონალურ ინიციატივაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ქუთაისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, თეონა ხეცურიანმა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა, ანა ძიმისტარიშვილმა, მე-5 გ და მე-6 გ კლასების მოსწავლეებთან ერთად.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მთავარ ძალას საგნობრივი ინტეგრაცია წარმოადგენდა. უცხო ენისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სინთეზით, მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობებისა და კოლაბორაციული დავალებების მეშვეობით შეისწავლეს ისეთი გლობალური გამოწვევები, როგორებიცაა: ბუნების დაცვა, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკო-სისტემების მოფრთხილება და მდგრადი ყოველდღიური ჩვევების დამკვიდრება. საგულისხმოა, რომ მთელი სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე, რაც მოსწავლეებს თვითგამოხატვისა და ენობრივი ბარიერის დაძლევის საუკეთესო შესაძლებლობას აძლევდა.

ინტერდისციპლინურმა მიდგომამ ხელი შეუწყო 21-ე საუკუნის საკვანძო კომპეტენციების განვითარებას. გუნდური მუშაობის პარალელურად, ბავშვებმა განივითარეს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციისა და ციფრული პრეზენტაციების შექმნის უნარები. რაც მთავარია, პროექტმა მოსწავლეებს შესძინა განსაკუთრებული თავდაჯერებულობა — მათ პრაქტიკულად ირწმუნეს, რომ თითოეულ მათგანს, საკუთარი მცირე ეკო-ნაბიჯებით, შეუძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა და მწვანე მომავლის შენება“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203