
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და 79 პროცენტზე მეტ შემთხვევაში პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზეა გაკეთებული, აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
„ოთხჯერ მეტი პირველადი არჩევანი არის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მაშინ როცა, შეგახსენებთ, 64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. 79 პროცენტზე მეტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და 20 პროცენტზე ოდნავ მეტმა გააკეთა პირველადი არჩევანი კერძო უნივერსიტეტებზე. საზოგადოების განწყობა, მზაობა და დამოკიდებულება, როგორც ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით, აშკარად გამოხატულია ამ ტენდენციით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, გივი მიქანაძის თქმით, წელს პირველად აბიტურიენტს ჰქონდა შესაძლებლობა, უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის მიმართულებასთან ერთად, ეროვნული გამოცდების კონტექსტში აერჩია პროფესიული მიმართულებაც და 6 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ეს არჩევანი გააკეთა.
„საკმაოდ მზარდია ეს მიმართულება. თუკი შევადარებთ ჩვენ სტანდარტულ რეგისტრაციის პროცესს პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც, მაგალითად, სტანდარტულ კონტექსტში 5 000-ზე მეტი დარეგისტრირდა – წელიწადში ჩვენ გვაქვს ორი მიღება, საშემოდგომო და საგაზაფხულო. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პირველად შემოვიღეთ, რომ აბიტურიენტს შესაძლებლობა ჰქონდა, უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის მიმართულებასთან ერთად, ეროვნული გამოცდების კონტექსტში აერჩია პროფესიული მიმართულებაც, სულ მცირე, სამი მიმართულება. 6 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ეს არჩევანი გააკეთა“, - აღნიშნა მინისტრმა.