
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში სასკოლო სახელმძღვანელოებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან მე-10 კლასის მოსწავლეები „საქართველოს ისტორიას“ ცალკე საგნად ისწავლიან. განახლებულს ახელმძღანელოებს კი 1-ელი, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეები მიიღებენ.
„სახელმძღვანელოებზე აქტიურ მუშაობაში ჩართული იყვნენ დარგების მიხედვით მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით... კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული ღვინის დაწურვა, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული... უკანა ყდაზე კი აღწერილი იქნება ეს რვაათასწლიანი კულტურა, როგორ არის იუნესკო-ს მიერ აღიარებული.
ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება ელგუჯა მეძმარიაშვილის ის უდიდესი გამოგონება, რომელმაც კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრი წარმოაჩინა. ესეც ჩვენი ერის მონაპოვარია. ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე კი ქართული მარცვლეულის ხუთი თავთავი იქნება, რომლმაც მსოფლიოში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. ქართულ ენასა და ლიტერატურაზე წარმოდგენილია იოანე ზოსიმე, ვეფხისტყაოსანი და ა.შ. ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს. ასევე, ამიერიდან, მეათე კლასისთვის საქართველოს ისტორია ცალკე საგანი იქნება, განისაზღვრა ცალკე სახელმძღვანელო, ის ისტორიის საერთო ნაწილში აღარ იქნება და მსოფლიო ისტორია ცალკე იქნება. ამ სახელმძღვანელოების ძალიან დიდი ღირებულებითი ნაწილია, რომ 500-ზე მეტი ილუსტრაცია შევიდა სრულიად ახალი, რომელიც არასოდეს ყოფილა და ეხება ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სხვადასხვა მუზეუმიდან ექსპონატებს და ასე შემდეგ, რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რა საგანძური აქვს ჩვენს ქვეყანას. ამ ყველაფერს კიდევ ემატება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ჰქვია ჩვენი უსაყვარლესი, განსვენებული პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებები და ციტატები, რაც ქართული ენის სწავლებასთან არის დაკავშირებული. ქართულში ერთ-ერთი სახელმძღვანელო მთავრდება მისი ცნობილი ფრაზით – „საქართველო მიყვარხარ“ და მისი სურათია. არის ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ემოციური და ღირებულია. გვექნება ერთ-ერთ ნაწილში ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობს: „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ილია მეორე, რომელიც ამბობს – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. ყველა სახელმძღვანელოს წინა გვერდზე იქნება გამოსახული საქართველოს დროშა, სახელმწიფო ჰიმნი და გერბი. ეს ეროვნული კომპონენტები მაქსიმალურად შემოგვაქვს სასწავლო პროცესში, მთლიანად გადაწყობა ხდება სახელმძღვანელოს პრინციპის, მიზნების. დამერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში იმ სასურველ შედეგს მივიღებთ, რომლითაც გვინდა, ჩვენი მომავალი თაობები იზრდებოდნენ“, - განაცხადა მიქანაძემ.