საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევის - „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
გზამკვლევი საბავშვო ბაღის აღმზრდელებს მედიაწიგნიერების, პროგრამირებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით კომპეტენციების განვითარების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს. რესურსი, რომელიც ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით მოქმედ საბავშვო ბაღებს გადაეცემათ, სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: მედიის გაგება და შეფასება, მედიის შექმნა და მედიაგარემოში ნავიგაცია.
გზამკვლევი ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) მიერ არის შემუშავებული. ის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა კომუნიკაციების კომისიის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.