
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მთვარისა ახვლედიანმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში - „შენ ფესვო ჩემო ძლიერო“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის 150 წლისთავს ეძღვნებოდა.
მისი ლექსი „სამადლობელი“ (იაკობ გოგებაშვილის ხსოვნას) კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩა და დაიბეჭდა კონკურსის სახელწოდებისავე კრებულში, მასწავლებელი კი საქართველოს პედაგოგთა კავშირმა მიიწვია ქალაქ რუსთავში, აკადემიურ ქალაქში, სადაც გაიმართა ლიტერატურული შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა კონკურსში წარმოდგენილი ლექსები, პროზაული ნაწყვეტები და ისტორიული თემები.
საზეიმო ცერემონიაზე კონკურსანტებს ღირსეულად დაუფასდათ თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობა და გადაეცათ შესაბამისი ჯილდოები.
სკოლის დირექცია ულოცავს ქალბატონ მთვარისას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და კვლავაც წარმატებებს უსურვებს შემოქმედებით თუ პედაგოგიურ სარბიელზე.
„გვჯერა, ნიჭიერი და შემოქმედი პედაგოგი თავისი საქმიანობით ჩვენი სკოლისა და კუთხის სახელს ღირსეულად არაერთხელ წარმოაჩენს“,- აღნიშნავენ სკოლაში და სკოლის ხელმძღვანელსა და პედაგოგს შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
როგორც თავად დირექტორი აღნიშნავს, მისთვის საპატიოა მიღებული ჯილდო. მთვარისა ახვლედიანი მადლობას უხდის საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელობასა და წიგნის სარედაქციო კოლეგიას.
„ქართველი მასწავლებლისთვის, მითუფრო, ქართულის მასწავლებლისთვის, დამეთანხმებით, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელი, მართლაც, განსაკუთრებულია,
მისი 150 წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში მიღებული ჯილდოც - ასეთივე საპატიო.
ჩემი ლექსიც ყველა ქართველის სათაყვანებელი წიგნისა და მისი ავტორისადმი სამადლობელია და აკროსტიხადაც ასე იკითხება:
„იაკობ გოგებაშვილის დედაენა“.
მადლობა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელობას, მადლობა წიგნის სარედაქციო კოლეგიას!
ვულოცავ მასში მოხვედრილ ნაწარმოებთა ავტორ კოლეგებს და წარმატებებს ვუსურვებ!“,- აცხადებს მთვარისა ახვლედიანი.