
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზის საჯარო სკოლის ჭადრაკის წრის ხელმძღვანელმა, ლილი ზუმბაძემ, სასწავლო წლის ბოლოს შეაჯამა წრის საქმიანობა და მოსწავლეთა მიღწევები.
წლის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და უნარების წარმოსაჩენად ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი, რომელშიც 13 მოსწავლე მონაწილეობდა.
ტურნირის შედეგების მიხედვით, I-II ადგილები გაინაწილეს X კლასის მოსწავლე საბა შაორშაძემ და IX კლასის მოსწავლე გუგა ხეცაშვილმა. III ადგილი დაიკავა ილია გოგობერიშვილმა.
გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.
ტურნირის დასასრულს, იტავაზის საჯარო სკოლის დირექტორმა, ინგა კომლაძემ, მოსწავლეთა წახალისებისა და მიღწეული წარმატებების აღიარების მიზნით, ოთხივე გამარჯვებული მოსწავლე სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
დირექტორმა მადლობა გადაუხადა როგორც მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისა და მაღალი შედეგებისთვის, ასევე ჭადრაკის წრის ხელმძღვანელს, ლილი ზუმბაძეს, ნაყოფიერი მუშაობის, პროფესიონალიზმისა და მოსწავლეთა განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
სკოლის ადმინისტრაცია გამარჯვებულებსა და ტურნირის ყველა მონაწილეს მომავალშიც წარმატებებსა და ახალ გამარჯვებებს უსურვებს.
„ვულოცავთ გამარჯვებულებსა და ტურნირის ყველა მონაწილეს მიღწეულ შედეგებს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო