
წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლა ჩართულია eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში.
eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.
მათ შორის, სკოლაში წარმატებით განხორციელდა საერთაშორისო eTwinning პროექტი - „ითამაშებ ჩემთან ერთად?“ (Would You Like to Play With Me?).
პროექტი დაფუძნებულია აჰმედ ქორქმაზის (Ahmet KORKMAZ), ასელსან კონიას (ASELSAN Konya) და თანადაფუძნებულ კოდრუცა რუსუს (Codruța RUSU) მიერ.
აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა თურქეთის, რუმინეთის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და პორტუგალიის 15 პედაგოგის მონაწილეობით.
საქართველოდან პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის წარმომადგენლები: სოფიო ხვადაგიანი, ანა ჩაჩხიანი და ნათია გიგაური, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტის აქტივობების განხორციელებაში.
პროექტში მონაწილეობა მიიღო 9-დან 17 წლამდე ასაკის სულ 118-მა მოსწავლემ თურქეთიდან, რუმინეთიდან, საქართველოდან, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და პორტუგალიიდან. მათ შორის იყვნენ: 13 დაწყებითი საფეხურის, 54 საბაზო საფეხურის, 51 საშუალო საფეხურის (უმაღლესი სკოლის) მოსწავლე და 6 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოზარდი.
ქუთაისის N3 საჯარო სკოლიდან პროექტში ჩართულნი იყვნენ მე-11დ და მე-10დ კლასის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ექვსი თვე გაგრძელდა, რა დროსაც მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან და შეიძინეს ინტერკულტურული განათლების გამოცდილება.
პროექტი მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ციფრულ ეკრანებზე დამოკიდებულების მზარდ პრობლემასთან დაკავშირებით. ამ ჩარჩოს ფარგლებში, მოსწავლეებმა გამოიკვლიეს, ითამაშეს და გააცოცხლეს ტრადიციული ქუჩის თამაშები. მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო თამაშების ისტორია, წესები, საჭირო მასალები და კულტურული თავისებურებები, რის შედეგადაც შეიქმნა ერთობლივი პროდუქტი - „ქუჩის თამაშების ციფრული წიგნი“.
მოსწავლეებმა აღნიშნული თამაშები პარტნიორებს საპრეზენტაციო ვიდეორგოლების საშუალებით გააცნეს და წაახალისეს თავიანთი თანატოლები თუ ადგილობრივი თემები მათი თამაშისკენ, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.
პროექტის მეორე ფაზაში მოსწავლეებმა შეისწავლეს პარტნიორი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი თამაშები და ასწავლეს ისინი თავიანთ კლასელებსა და მეგობრებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული აქტივობით მათ არა მხოლოდ საკუთარ კულტურას გაუწიეს პოპულარიზაციას, არამედ შესაძლებლობა მიეცათ უფრო ღრმად ჩასწვდომოდნენ სხვა კულტურებს. ამ პროცესში მომზადებული ფოტო და ვიდეომასალა პროექტის ძვირფას შედეგს წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო ონლაინ შეხვედრების დროს, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინათ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარები, მოემზადებინათ პრეზენტაციები, ემუშავათ გუნდურად და დაემყარებინათ ინტერაქცია განსხვავებული კულტურული წრის თანატოლებთან. აღნიშნულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათ სოციალურ, კულტურულ და აკადემიურ განვითარებაში.
პროექტის ეფექტიანობის შესაფასებლად ჩატარდა სხვადასხვა გამოკითხვა. შედეგებმა აჩვენა, რომ გაიზარდა მოსწავლეთა ინფორმირებულობა ტრადიციული თამაშების შესახებ, ჩამოყალიბდა უფრო პოზიტიური დამოკიდებულება ეკრანთან გატარებული დროის შემცირების მიმართ და გაღრმავდა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის გააზრება.
პროექტის ყველა აქტივობა და შედეგი გავრცელდა სკოლის საინფორმაციო დაფების, საკლასო აქტივობების, სკოლის ვებგვერდების, სოციალური მედიის ანგარიშების, პროექტის ბლოგისა და eTwinning პლატფორმების მეშვეობით. შედეგად, პროექტმა მოიცვა არა მხოლოდ პარტნიორი სკოლები, არამედ მშობლები, პედაგოგები, ადგილობრივი მედია და ფართო საზოგადოება.
„პროექტმა „ითამაშებ ჩემთან ერთად?“ წარმატებით მიაღწია დასახულ მიზნებს და წარმოაჩინა თავი, როგორც სამაგალითო საგანმანათლებლო ინიციატივამ, რომელმაც გააუმჯობესა მოსწავლეთა სოციალური კომუნიკაციის უნარები, გაზარდა მათი ჩართულობა ფიზიკურ აქტივობებში, ხელი შეუწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განამტკიცა საერთაშორისო თანამშრომლობა.
პროექტის წარმატებულ შედეგებსა და დამყარებულ მყარ საერთაშორისო პარტნიორობაზე დაყრდნობით, დაგეგმილია აღნიშნული ინიციატივის გაგრძელება მომავალ წელს Erasmus+ პროექტის ფორმატში, რომელშიც კვლავ ჩაერთვებიან პარტნიორები თურქეთიდან, რუმინეთიდან, საქართველოდან, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და პორტუგალიიდან. ამ გზით მიზნად ისახება მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება, კულტურული ინტერაქციის გაზრდა და პროექტის შედეგების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება“,- დასძენენ სკოლაში და მადლობას უხდიან მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.
„დიდ მადლობას ვუხდით მე-11დ და მე-10დ კლასის მოსწავლეებს: საბა ტურაბელიძეს,მარიამ სიხარულიძეს, გაბრიელ ყვავაძეს, ლუკა შავგულიძეს, ირაკლი სალდაძეს, თამარ შარაშენიძეს, გიორგი ჯავახაძეს, ენათა ჟორჟოლიანს, ნიკოლოზ შალიკიანს, მარიამ ადეიშვილს, დავით შუბლაძეს, ნია გვეტაძეს, ანასტასია ვაშაკიძეს, ტატული კორძახიას, თომა ჩიხლაძეს, ლუკა კუხიანიძეს, ანა მელაშვილს, ლუკა ცაგარეიშვილს,ლიზი ცაგარეიშვილს, ვანო ჩაკვეტაძეს, ელენე შანიძეს, ნია სულავას, ქეთი მელქაძეს, მარიამ ნიშნიანიძეს, ლუკა ცაგარეიშვილს, ლიზი ცაგარეიშვილს, ვანო ჩაკვეტაძეს, ელენე შანიძეს, ნია სულავას, ქეთი მელქაძეს, მარიამ ნიშნიანიძეს საერთაშორისო პროექტში „ითამაშებ ჩემთან ერთად?“ აქტიური მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: