
თბილისის ბავშვთა და მოზარდთა მზრუნველობის სააგენტომ თბილისის საბავშვო ბაღებში ტრენინგების ციკლი „რთული ქცევის მართვა ბავშვებში და გაჯეტდამოკიდებულება“ დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და პრაქტიკული რეკომენდაციები გამოწვევების ეფექტიანად მართვისთვის.
„ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: რთული ქცევის გამომწვევი მიზეზების ამოცნობა და ანალიზი; ქცევის მართვის ეფექტური ტექნიკები და კონსტრუქციული მიდგომები; გაჯეტდამოკიდებულების პრევენცია და ეკრანთან გატარებული დროის ჯანსაღი მართვა; ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოშობილი სირთულეების დაძლევის პრაქტიკული გზები და რეკომენდაციები.
ტრენინგს უძღვებოდნენ სააგენტოს ფსიქოლოგები, რომლებმაც მშობლებს კვალიფიციური რჩევები და პრაქტიკული ინსტრუმენტები გაუზიარეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სააგენტოს ფსიქოლოგებთან ინდივიდუალური კონსულტაციები გაევლოთ.
პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება თბილისის ყველა, 190-ვე საბავშვო ბაგა-ბაღში. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში გამართულ ტრენინგებს 3 500-ზე მეტი მშობელი დაესწრო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.