„ქართულისა და ისტორიის სახელმძღვანელოებში „ქიუარ კოდები“ იქნება...გადავდივართ კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე“
25-06-2026

განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა სატელევიზიო ეთერში სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა: „ვერ მოხდება 12 კლასის სახელმძღვანელოების ერთდროულად ამოცვლა... სექტემბრიდან I-VII-X კლასებში შეგვაქვს ახალი სახელმძღვანელოები ფუნდამენტურ საგნებში“.

რატომ ვთქვით უარი გრიფირებაზე? - სახელმძღვანელო საშუალო მოსწრების ბავშვზე უნდა იყოს მორგებული, ასაკის შესაბამისად გადმოცემული და საინტერესო. ბავშვი წიგნს რომ გადაშლის, არ შეიძლება პირდაპირ დახვდეს ტერმინი - გადავდივართ კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე - რას ვისწავლი, რაში გამოვიყენებ... თქვენ ვერ ნახავთ ტერმინით დაწყებულ თავს.

პრობლემაა ის, რომ თუ ბავშვმა გააცდინა სკოლა, ვერ შეძლებს, გაიგოს ახალი გაკვეთილი მასწავლებლის დახმარების გარეშე... ამიტომ მეთოდოლოგია მთლიანად შეიცვალა“, - განაცხადა მახარაშვილმა. მისივე თქმით, ასევე სრულად შეიცვლება მასწავლებელთა წიგნებიც, სადაც ახსნილი იქნება ყველა დეტალი:

„ასეთი დეტალური გაიდი მასწავლებლებისთვის აქამდე არ ყოფილა... გარდა ამისა, არის ტრენინგები, რომლებიც მოყვება ამ პროცესს და ხდება მასწავლებლების გადამზადება. ჩვენ მასწავლებლების მიმართ სერიოზული პოლიტიკა გვაქვს არჩეული, მასწავლებლებს, რომელთაც გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, ვატრენინგებთ, რადგან რაც უნდა მაგარი სახელმძღვანელო შევადგინოთ ან ძალიან მაღალი დონის სტანდარტები ვწეროთ, მასწავლებელი თუ არ იქნება ძლიერი და შესაბამისი ცოდნა არ ექნება, კლასში ვერ შეიტანს ამ ყველაფერს“. 

მინისტრის მოადგილემ საქართველოს ისტორიისა და ქართული სახელმძღვანელოებში დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დატანილი იქნება QR (ქიუარ) კოდები: „500-ზე მეტი ილუსტრაციაა, რომელიც ჯერ სახელმძღვანელოებში არ ყოფილა და ახლა გაჩნდება... ის, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას, ჩვენი ოქრო, ბაჯაღლო, ჩვენი კლასიკოსების შექმნილი, ეს ნაღები ყველაფერი იქნება ამოღებული და დიდი დოზით შესული, მზაობა აქვთ ჩვენს მუზეუმებსაც, ხელოვნების მუზეუმით დაწყებული, ეროვნული მუზეუმით დასრულებული“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203