
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის - „გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“ დასკვნითი კონფერენცია, რომელსაც ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც პედაგოგი გვიყვება, ერთთვიანი პროექტის ფარგლებში, აფნიის, ოკამის №1 და გოგაშენის საჯარო სკოლების 25 მოსწავლე აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვით საქმიანობაში. პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების მართვის მნიშვნელობის გაცნობიერება და გარემოს დაცვის საკითხების მიმართ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზრდა.
„პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს სამივე სოფლის დანაგვიანებული ადგილები, მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების აქციებში, გაეცნენ ნარჩენების დახარისხების პრინციპებს, მოამზადეს საინფორმაციო პრეზენტაციები და პოსტერები.
ამავე ინიციატივის ფარგლებში მოეწყო გამწვანების აქცია. აფნიის, ოკამის №1 და გოგაშენის საჯარო სკოლების ტერიტორიებზე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, დირექტორებმა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთობლივად დარგეს ხეები. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, რამაც შესაძლებელი გახადა გარემოს გაუმჯობესებისა და გამწვანების პროცესში ჩვენი წვლილის შეტანა“,- აღნიშნავს პედაგოგი სალომე ბოლქვაძე.
დასკვნით კონფერენციაზე სამივე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, კვლევები და მიღწეული შედეგები.
როგორ პედაგოგი გვეუბნება, პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი იყო მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლება, სოფლებში დანაგვიანებული ტერიტორიების გაწმენდა, საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლება და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ბუნებაზე ზრუნვის პროცესში. ამ ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მცირე ქმედებებსაც კი შეუძლია დიდი ცვლილებების მოტანა, როდესაც ადამიანები საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან.
კონფერენციას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები. გაწეული წვლილისა და მჭიდრო თანამშრომლობის აღსანიშნავად, მუნიციპალიტეტის მერიას, რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ თერეზა ჩივჩიანს და დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიების დასასრულს, პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
„მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, დირექტორს, მშობელს და მხარდამჭერებს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში. ერთად ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ გარემოს დაცვა მართლაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა!“,- დასძენს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: