
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლამ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა და კეთილი სურვილები გაატანა.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება: კურსდამთავრებულებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს, დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და სკოლის დამთავრების სიხარული ერთმანეთსა და პედაგოგებს გაუზიარეს.
დღის ბოლოს ახალგაზრდების თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელდა. მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დამთავრებას! თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და ახალი, საინტერესო გზა იწყება. გისურვებთ წარმატებებს, მიზნების ასრულებას, ბედნიერებასა და წინსვლას. მუდამ გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და თამამად იარეთ ოცნებებისკენ.
წარმატებული მომავალი და ბედნიერი გზა თითოეულ თქვენგანს!“- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდ მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან.