სახალისო თამაშები, ცეკვა-სიმღერა, სიცილი და გულწრფელი ემოციები - საზაფხულო არდადეგების ფერადი დასაწყისი არხილოსკალოს საჯარო სკოლაში
23-06-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში 2025–2026 სასწავლო წელი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ემოციურად, ხალისიანად და შთამბეჭდავად დასრულდა.

დაწყებითი კლასის მასწავლებლის - ელზა ქავთარაძის ორგანიზებითა და სკოლის დირექტორის, მაია სიმონიძის მხარდაჭერით, სკოლაში გაიმართა სიხარულით, ღიმილითა და ბავშვური ჟრიამულით სავსე ღონისძიება.

ღონისძიების ორგანიზატორს მთელი დღის განმავლობაში გვერდში ედგნენ და აქტიურად ეხმარებოდნენ მუსიკის მასწავლებელი ნატო აფციაური, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნანა წიკლაური და პირველი კლასის დამრიგებელი ეკა პავლიაშვილი.

დღე დილიდანვე განსაკუთრებული განწყობით დაიწყო: მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის ეზოში მინდვრის ყვავილები შეაგროვეს და პედაგოგებს თბილი, ლამაზი და სასიამოვნო გარემოს შექმნაში დაეხმარნენ. ყვავილებით მორთულმა ეზომ კიდევ უფრო სადღესასწაულო იერი შეიძინა.

შემდეგ კი დაიწყო ყველაზე მხიარული ნაწილი: თამაშები, ცეკვა-სიმღერები, სიცილი, მეგობრული შეხვედრები და გულწრფელი ემოციები. ბავშვების ანთებული თვალები და ჟრიამული ამ დღის ყველაზე ლამაზი ნაწილი იყო. მიღებული უდიდესი პოზიტიური მუხტი მათ მთელი ზაფხულის არდადეგების განმავლობაში გაჰყვებათ. ეს დღე იყო თბილი დამშვიდობება მასწავლებლებთან, სკოლასთან და ერთმანეთთან მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ ხელი შეუწყო სასწავლო წლის პოზიტიურ და ემოციურ გარემოში დასრულებას, მოსწავლეთა შემოქმედებითი და სოციალური უნარების წახალისებას, ასევე სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

შედეგად, მოსწავლეებმა სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და სასიამოვნო მოგონებებით დაასრულეს. კიდევ უფრო განმტკიცდა ბავშვების, მშობლებისა და პედაგოგების ერთიანობა, თანამშრომლობა და სკოლისადმი კუთვნილების განცდა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ელზა ქავთარაძეს, ნატო აფციაურს, ნანა წიკლაურს, ეკა პავლიაშვილს, მოსწავლეებს, მშობლებსა და ყველა პედაგოგს აქტიური ჩართულობისა და ამ ლამაზი დღის შექმნისთვის.

„ვუსურვებთ ყველას ბედნიერ, მშვიდ, უსაფრთხო, საინტერესო და დაუვიწყარ ზაფხულის არდადეგებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203