
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
15 ივნისს, მე-6ა კლასში გაიმართა მუსიკალური წარმოდგენა სახელწოდებით - „სადაც ადამიანია, იქ მუსიკაა!“, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა მუსიკის განსაკუთრებულობა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მოზარდის სრულყოფილად ფორმირებაში.
„მუსიკა პირდაპირ კავშირშია აღზრდის პროცესთან, იგი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს უყალიბებს მოზარდს. გავლენას ახდენს ბავშვის ფაქიზ გრძნობებზე, აყალიბებს მის ხასიათს. მუსიკა გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. მას დიდი როლი ენიჭება ბავშვის გონებრივ განვითარებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ქრისტიან ანდერსენის სიტყვები - „იქ, სადაც სიტყვები უძლურია, მუსიკა ლაპარაკობს“.
მე-6ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება - „ვაშა მუსიკას, ვაშა მეგობრობას!“, მინი-სპექტაკლით გააცოცხლეს უკვდავი მითი - „მომღერალ ორფეოსზე“, დახვეწილი პლასტიკით წარმოადგინეს კომპოზიცია, თუ როგორ ქმნიდნენ კომპოზიტორები გენიალურ შედევრებს ბრძოლის დროს, ისაუბრეს ხალხური, კლასიკური და სასულიერო მუსიკის წარმოშობის შესახებ.
„მათი დახვეწილი მეტყველება და ემოციური გამომსახველობა საოცარ განცდას იწვევდა მსმენელში. ერთმანეთს ენაცვლებოდა უზადოდ შესრულებული საცეკვაო ნომრები და გუნდური სიმღერები, რაც საოცარ მუხტს ბადებდა მაყურებელში. პატარა მსახიობების ემოციურად შესრულებულმა ეპიზოდებმა გააოცა და აღაფრთოვანა მსმენელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: ქ. ქუთაისის საკრებულოს წევრი, ვაკისუბნის მაჟორიტარი - გიორგი იობაშვილი, ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ბონდო ბალანჩივაძე და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, ქ. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი - ალექსანდრე თევდორაძე.
მუსიკალური წარმოდგენის შემოქმედი გახლდათ კლასის დამრიგებელი, საკუთარი საქმის პროფესიონალი, დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - ქეთევან გუბელაძე
ვუსურვებთ დიდ წარმატებას საოცარ მე-6ა კლასს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: