
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დიდი სამსარის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო. ხელოვნების გაკვეთილზე მე-4 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნიჭს, ფანტაზიასა და შემოქმედებას საზღვრები არ აქვს.
რუბენ თოროსიანის, სუსანა ოგანესიანის, ლილით ბოზოიანისა და როზა რსტაკიანის ნამუშევრებმა სკოლის სივრცე ფერებით, ემოციებითა და ბავშვური სითბოთი აავსო. თითოეულ ნახატსა და კომპოზიციაში მათი ოცნებები, ხედვები და სამყაროსადმი გულწრფელი დამოკიდებულება იკითხებოდა.
მოსწავლეთა მასწავლებელი, გაიანე ჩახალიანი, ამბობს, რომ ქალაქის ცენტრიდან შორს მდებარე პატარა სოფელში ცხოვრება არ ნიშნავს ნაკლებ შესაძლებლობებს.
„ჩვენი სოფელი პატარაა, სკოლაც ჩვეულებრივი საჯარო სკოლაა, მაგრამ ბავშვების ოცნებები და შესაძლებლობები - უსაზღვრო. მათ სჭირდებათ მხოლოდ მხარდაჭერა, რწმენა და შრომისმოყვარეობა, რომ საკუთარი ნიჭი წარმოაჩინონ. ასეთი გამოფენები სწორედ ამის დასტურია“, - აღნიშნავს პედაგოგი.