თანხის დასაბრუნებლად განაცხადების მიღება დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნება დაიწყო.
პირებს, რომლებმაც სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის მიზნით საფასური ზედმეტად ან შეცდომით გადაიხადეს, შესაძლებლობა აქვთ 2026 წლის 16 ივნისიდან 26 ივნისის 18:00 საათამდე თანხის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.
განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად -
https://online1.naec.ge/oapp/, ასევე მატერიალურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ გადაგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eFlow) გამოყენებით.
საფასური სრულად ბრუნდება:
- თუ 2026 წლის გამოცდებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულმა პირმა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
- თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია;
- თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
იმ შემთხვევაში, თუ პირმა რეგისტრაციის საფასური გადაიხადა, თუმცა არ გაიარა რეგისტრაცია, ვალდებულია შეავსოს ამობეჭდილი განცხადების ფორმა და წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხოლო რეგიონებში შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ განმცხადებელი სხვა პირია წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (მინდობილობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა), ასევე ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება), აგრეთვე ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში თანხა ჩაირიცხება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონ პროცედურებს და განცხადებები დადგენილ ვადებში წარადგინონ.