
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-დან 5 ივნისის ჩათვლით განსაკუთრებული და ფერადი „მოსწავლეთა კვირეული“ გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეული „ჩანთების გარეშე“ დაიწყო - ბავშვებმა სკოლის ეზო ცარცებით მოხატეს, სახეები მხიარული ნახატებით გაილამაზეს და დღე ენერგიული ფლეშმობით დააგვირგვინეს.
შემდეგი დღე ხელოვნებას დაეთმო, სადაც ბილინგვური განათლების ფარგლებში სპექტაკლი „ზღაპრის დავიწყებული გმირები“ და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფესტივალი მოეწყო.
სპორტულ ოთხშაბათს მოსწავლეები სუფთა ჰაერზე „მხიარულ სტარტებში“ ჩაებნენ, სადაც გუნდურობამ და მხიარულმა აზარტმა გაიმარჯვა.
ხუთშაბათს როლები გაიცვალა: მოსწავლეებმა და მშობლებმა მასწავლებლის ამპლუა მოირგეს და საგაკვეთილო პროცესი თავად წაიყვანეს.
კვირეული პარასკევს, ნამდვილი თავგადასავლით დასრულდა - სასკოლო ლაშქრობამ ბუნებაში ბავშვებს საუკეთესო შემეცნებითი და დასასვენებელი დღე აჩუქა.
ეს ხუთი დღე ეშტიის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და პედაგოგებისთვის დაუვიწყარ ემოციებად და ერთ დიდ დღესასწაულად იქცა.