„კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან“...
16-06-2026

​​მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სრულიად ახალი სქემა შარშან შემუშავდა და 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. ახალი მოდელი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილების ანალიზსა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს. ამასთანავე, სისტემურად გადაეწყო მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც დღეს უკვე, როგორც პროფესიული განვითარების, ისე კარიერული წინსვლის მიმართულებით მასწავლებლებს სხვადასხვა მხარდამჭერ მექანიზმებს სთავაზობს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში განაცხადა.

მიქანაძის თქმით, მასწავლებლის კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან და მთავარი აქცენტი გაკეთდება პრაქტიკაში განხორციელებულ საქმიანობაზე.

„ახალი სქემის ფარგლებში მასწავლებლის რესურსი უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული როგორც სკოლის შიგნით, ისე სისტემურ დონეზე. ამიერიდან, კარიერული განვითარება სამი ძირითადი მიმართულებით განისაზღვრება: სწავლა-სწავლება, საგანმანათლებლო კვლევები და საგანმანათლებლო ლიდერობა. ეს არის სრულიად ახალი შესაძლებლობა იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც პროფესიულ ზრდასთან ერთად მეტი პასუხისმგებლობის აღება სურს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან. მთავარი აქცენტი გაკეთდება პრაქტიკაში განხორციელებულ საქმიანობაზე, რეალურ შედეგებზე, პროფესიულ აქტივობებსა და მასწავლებლის ყოველდღიურ მუშაობაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203