
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასკოლო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა საზეიმო, გამოსაშვები ღონისძიებით აღნიშნეს. ეს დღე ორმაგად ემოციური კი იმიტომ აღმოჩნდა, რომ პატარები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.
ბავშვებმა საჯაროდ გამოხატეს უდიდესი სიყვარული იმ ამაგისთვის, მოთმინებისა და სითბოსთვის, რომელსაც პედაგოგი ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიურად უზიარებდა, თითოეული ფრაზა კი გახლდათ დასტური, რომ კლასის დამრიგებელმა შეძლო არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ კლასის შეკვრა ერთ მეგობრულ ოჯახად.
დაწყებითი კლასების დასრულება დიდი გზის მხოლოდ დასაწყისია. ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად.
ჩვენ კი დავძენთ, რომ ეს დღე, ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვებითა და გულწრფელი ემოციებით, დიდხანს დარჩება როგორც მოსწავლეების, ისე მათი დამრიგებლის მეხსიერებაში.