
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-მ ფინანსური განათლების ინტერაქციული თამაში „ფინანსური ფეხბურთი” წარადგინეს.
28 მაისს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ღლონტი და მისი მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ პროექტის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე.
აღსანიშნავია, რომ მანამდე სულორის საჯარო სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ბლიც-კონკურსში - „სპორტი და ფინანსური განათლება“, სადაც 6 საუკეთესო გამარჯვებულ გუნდს შორის დასახელდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სწორედ ამ დიდი წარმატების შედეგი იყო მათი საპატიო მიწვევა ამ ღონისძიებაზე.
„შეხვედრა საოცრად საინტერესო და ინტერაქციული აღმოჩნდა. განსაკუთრებით საამაყო იყო იმის ყურება, თუ როგორ აქტიურად ჩაერთნენ სულორელი ბავშვები დისკუსიაში - მათ დასვეს შინაარსიანი, საინტერესო შეკითხვები და დამსწრე ინფლუენსერების ყურადღებაც მიიპყრეს. მოსწავლეებმა მისცეს ინტერვიუები და დიდი ენთუზიაზმით გააზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები“,- გვიყვებიან სკოლაში.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად ფუნქციონირებს კლუბი „FinEdu-სულორი“ (საბაზო და საშუალო საფეხურის მსოწავლეებისთვის). კლუბი პედაგოგ ხათუნა ღლონტის ხელმძღვანელობით მუშაობს და ეს აღიარებაც მათი ერთობლივი შრომის მორიგი შესანიშნავი შედეგია.
„ვულოცავთ სულორის საჯარო სკოლის გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: