„ოთხი წელიც გაფრენილა“... - ოკამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
11-06-2026

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებენ და მათ შორისაა პირველი მასწავლებელი... მადლიერებით, სიყვარულითა და სევდანარევი ღიმილით დაემშვიდობნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ოკამის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები უსაყვარლეს პედაგოგს, რომელიც ოთხი წლის წინ ამაყად შეუძღვა „ცოდნის ტაძარში“, ფართოდ გაუღო კარი წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში და აზიარა განათლების იმ საფუძვლებს, რომლებიც წარმატებული მომავლისკენ გაუკვალავს გზას.

ემოციურ, ულამაზეს ღონისძიებას ასეც უწოდეს - „ოთხი წელიც გაფრენილა“. ამ დღეს მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს: წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს ქორეოგრაფიული ნომრები და ასე გამოხატეს მადლიერება. 

სკოლის პედაგოგებმა ბავშვებს გზა დაულოცეს, უსურვეს წარმატება და დაარიგეს, ყოველთვის შეინარჩუნონ ის ადამიანური ღირებულებები, რაც მათში პირველმა მასწავლებელმა გააღვივა.

სასკოლო ცხოვრების პირველი, ყველაზე ლაღი და ზღაპრული თავი დასრულდა. ოკამის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები დაემშვიდობნენ გარემოს, სადაც წერა-კითხვა ისწავლეს და გადაშალეს ახალი, უფრო საინტერესო ფურცელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203