
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სკოლის უმთავრესი მისია არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემა, არამედ სხვადასხვა სოციალური უნარის განვითარებაა და ამ მიმართულებით ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის, თბილისის N46 საჯარო სკოლა სამაგალითო როლს ასრულებს - აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სკოლებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ჯანსაღი საგანმანათლებლო სისტემის დამკვიდრებას.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომის ერთი ბრწყინვალე დადასტურება გახდა ერთობლივი ღონისძიება, სახელწოდებით „მე თბილისელი ვარ“, რომელსაც თბილისის N104 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება წარიმართა როგორც ქართულ, ისე სომხურ ენებზე; ფორმატმა ორ სკოლას შორის კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყო ხელი, პროექტმა კი ხაზი გაუსვა თბილისის, როგორც მულტიკულტურული ქალაქის ისტორიულ როლსა და ტრადიციებს.
ღონისძიების ფარგლებში ორივე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა: შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს შთამბეჭდავი პერფორმანსი, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების ღირსეულად წარმოჩენას, თბილისის კულტურული მრავალფეროვნების სიღრმისეულ გაცნობას და რაც უმნიშვნელოვანესია - ორ სკოლას შორის მყარი, მეგობრული ურთიერთობების მეტად განმტკიცებას.