
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“ წარმატებით დასრულდა უცხოურ ენებში ჩატარებული ყოველწლიური სასკოლო კონფერენციის - „ხელოვნური ინტელექტი ცვლის სამყაროს“ მეორე ეტაპი.
კონფერენცია გაიმართა ინგლისურ და რუსულ ენებზე, სადაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად წარმოადგინეს პრეზენტაციები თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და მისი გავლენის შესახებ სხვადასხვა სფეროზე.
მონაწილეებმა ისაუბრეს AI-ის გამოყენებაზე განათლებაში, მედიცინაში, ბიზნესში, მეცნიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. პრეზენტაციები გამოირჩეოდა კვლევითი მიდგომით, კრეატიულობითა და უცხოურ ენებზე თავისუფალი კომუნიკაციის უნარით
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონფერენციის მეორე ეტაპმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა, თანამედროვე საკითხების მიმართ ინტერესი და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
„მსგავსი აკადემიური აქტივობები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, საჯარო გამოსვლის, კვლევითი უნარებისა და საერთაშორისო ხედვის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლა „ცოდნაში“ ცოდნა, ინოვაცია და მომავლის ტექნოლოგიები ერთ სივრცეში ერთიანდება.