
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის მე-8 კლასელებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
VIIIდ კლასის მოსწავლეები, მასწავლებლების - მანანა წაწიშვილისა და ციცო ყურაშვილის ხელმძღვანელობით, მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ, დიდი მათემატიკოსების ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუას სამუდამო განსასვენებელთან მათი ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს.
„ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვებოდით მთაწმინდის ფერდობს, მამადავითის ეკლესიის შემოგარენში ხომ სავანე ჰპოვეს ქართველებისთვის ძვირფასმა ადამიანებმა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი სტუმრობა საინტერესო ყოფილიყო. მზადება ამ დღისთვის ადრე დავიწყეთ, ჩვენი ინტერესის საგანი დიდი მათემატიკოსები იყვნენ. მათემატიკა და პოეზია, ერთი შეხედვით, ურთიერთსაპირისპირო სამყაროებია, თუმცა სინამდვილეში ორივე მათგანი ეძებს სამყაროს ფარულ წესრიგს, ჰარმონიასა და სილამაზეს.
ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა - მსოფლიო დონის მათემატიკოსები, რომლებმაც ქართული მათემატიკური სკოლა მსოფლიოს გააცნეს. საინტერესოდ ისაუბრეს მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე VIIIდ კლასის მოსწავლეებმა: ნიკა კაკაჩიამ, ზუკა სხილაძემ, მარიამ ელიზბარაშვილმა და მასწავლებელმა მანანა წაწიშვილმა, გაიხსენეს საინტერესო ისტორიები.
ციფრებისა და ფორმულების მიღმა უდიდესი პოეზია იმალება, ჭეშმარიტი მათემატიკოსი თავის სულში ყოველთვის პოეტია. იქვე ვაჟა, ილია, აკაკი, ტატო, გალაკტიონი... ყველას საფლავთან ემოცია და მოკრძალება. ეს იყო ლამაზი დღე პოეზიისა და ციფრების“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: