„მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე“, - ეს სიტყვები, რომლებიც დიდ ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძე ეკუთვნის, განსაკუთრებული შინაარსით გაცოცხლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებაზე: „მზიანი გულის კაცი“.
ღონისძიება დამრიგებლის ქეთევან ნარსიას ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით გაიმართა.
პატარებმა სცენაზე გააცოცხლეს მწერლის საოცარი და უკვდავი პერსონაჟები, გულწრფელი ემოციებითა და ბავშვური სილაღით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მთავარი სათქმელი - ადამიანობა, სიკეთე და თანაგრძნობა.
ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა იმ ფაქტმა, რომ ის მხოლოდ ლიტერატურულ-შემოქმედებითი აქტივობით არ შემოიფარგლა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის — „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ — ფარგლებში, ხელგარჯილობის წრის მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა მოსწავლეებმა შეჭირვებული პირველკლასელი თანატოლის დასახმარებლად მიმართეს.
ეს იყო სიკეთის, თანადგომისა და სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მთავარი გზავნილი. მოსწავლეების კეთილშობილური ნაბიჯი მწერლის გმირების სულისკვეთების ბუნებრივი გაგრძელება გახდა — იმ ღირებულებების, რომლებიც ადამიანების სიყვარულსა და ერთმანეთის მხარდაჭერაზეა დაფუძნებული.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მეორე კლასის მოსწავლეებსა და ქეთინო მასწავლებელს ამ დაუვიწყარი დღისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სიკეთე ყველაზე დიდი ძალაა.
იხილეთ ფოტოები: