
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის IVბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების - ნათია გოხიძისა და ლუიზა ვერულიძის ხელმზღვანელობით, წარმოადგინეს შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება - „ამბები ბიბლიოთეკიდან“, რომელიც არა მხოლოდ წიგნისა და კითხვის სიყვარულს მიეძღვნა, არამედ - სასწავლო წლის დასასრულსა და საყვარელ დამრიგებლებთან გულთბილ გამომშვიდობებასაც.
ღონისძიების ხელმძღვანელებმა - ნათია გოხიძემ და ლუიზა ვერულიძემ - მოსწავლეებთან ერთად მაყურებელი წიგნების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს. თეატრალიზებული ეპიზოდები, მხატვრული სიტყვა, მუსიკა და ბავშვების გულწრფელი შესრულება ერთ მთლიან და შთამბეჭდავ სანახაობად იქცა. სცენაზე გაცოცხლებულმა პერსონაჟებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ წიგნი ცოდნის, სიბრძნისა და წარმოსახვის ამოუწურავი წყაროა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ის გარემოება, რომ ეს ღონისძიება IVბ კლასის მოსწავლეებისთვის ერთგვარი შემაჯამებელი შეხვედრაც გახლდათ.
ბავშვები მადლიერებით, სიყვარულითა და თბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ თავიანთ დამრიგებლებს, რომლებმაც ოთხი წლის განმავლობაში ცოდნის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის გზაზე ღირსეულად უხელმძღვანელეს მათ. ეს იყო ემოციებით სავსე წუთები, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა სიხარული, სიამაყე და მომავლის იმედი.
საგანგებოდ გაფორმებული სცენა, წიგნებით შექმნილი დეკორაციები და მონაწილეთა მონდომება კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს ღონისძიების შინაარსსა და მნიშვნელობას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეულმა მოსწავლემ ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, შემოქმედებითი ნიჭი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
„ვუსურვებთ IVბ კლასის მოსწავლეებს წარმატებულ მომავალს, ხოლო მათ დამრიგებლებს - ნათია გოხიძესა და ლუიზა ვერულიძეს - კიდევ მრავალ თაობასთან შეხვედრას, რომელთაც ისეთივე სიყვარულითა და ერთგულებით გაუნათებენ გზას, როგორც დღემდე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: