
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში, 8 ივნისს, გაიმართა გამოფენა-კონცერტი თემაზე - „წარსულის გამოძახილი“.
ღონისძიებაში VI–IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი გოჰარ მაზმანიანი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქართული და სომხური კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, ტრადიციებისადმი პატივისცემის გაღრმავება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
გოჰარ მაზმანიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა შექმნეს ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული ქართული და სომხური ეროვნული სამოსის ნიმუშები.
გამოფენის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო ხელით მოხატული მაისურები, რომლებზეც მოსწავლეებმა საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ისტორიული ძეგლები გამოსახეს.
ღონისძიება მხოლოდ საგამოფენო ნაწილით არ შემოფარგლულა, მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებიც წარმოადგინეს. მათ შეასრულეს ქართული და სომხური ხალხური ცეკვები და სიმღერები.
იხილეთ ფოტოები: