ქუთაისის N4  სკოლის მოსწავლეები მათემატიკას მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით სწავლობენ
09-06-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში მათემატიკის სწავლება მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება. მათემატიკის პედაგოგები -  სალომე სხულუხია, სოსო მანია, თამთა მიქავა - მოსწავლეებს მრავალფეროვან, საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობენ, რაც ხელს უწყობს მათი ლოგიკური აზროვნების, კვლევითი უნარებისა და საგნისადმი ინტერესის განვითარებას.

პედაგოგ სალომე სხულუხიას ხელმძღვანელობით, VII კლასში ჩატარდა სასწავლო აქტივობა თემაზე - „მათემატიკა ჩვენ ირგვლივ“. პედაგოგის მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად ფართოდ გამოიყენება მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებასა და სხვადასხვა სფეროში. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

  • „მათემატიკა ფინანსებში - ფულის მართვის საიდუმლო“;„მათემატიკა და კულინარია“;
  • „ტრანსპორტი და სიჩქარე - მათემატიკისა და ფიზიკის კავშირი“;
  • „მათემატიკა მშენებლობასა და არქიტექტურაში“;
  • „სპორტი და მათემატიკა - გამოთვლები და შედეგების ანალიზი“.

მოსწავლეებმა ნათლად წარმოაჩინეს, რომ მათემატიკა მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის - ის წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და სხვადასხვა პროფესიულ სფეროში რეალური ამოცანების გადასაჭრელად.

XI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სალომე სხულუხიას ხელმძღვანელობით, ჩაატარეს კვლევა მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ,

  • რამდენად არიან ახალგაზრდები დამოკიდებული მავნე ჩვევებზე;
  • რამდენად მისდევს საზოგადოება ჯანსაღი ცხოვრების წესს.

მოსწავლეებმა კვლევის ფარგლებში გამოკითხეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, დაამუშავეს მიღებული შედეგები და წარმოადგინეს მათემატიკურად.

როგორც სკოლაში გვეუბნებიაბ, აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევითი უნარების, კრიტიკული ანალიზისა და მიღებული შედეგების ვიზუალურად და არგუმენტირებულად წარმოდგენის განვითარებას.

სალომე სხულუხიასა და სოსო მანიას ხელმძღვანელობით, სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე:„ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე განათლება“. კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო თემები:

  • ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები;
  • ალგორითმები და ტექნიკური ნაწილი;
  • AI პრაქტიკაში;
  • AI-ის ინსტრუმენტები;
  • რისკები და ეთიკა;
  • მომავალი და პროფესიული პერსპექტივები.   

მოსწავლეებმა ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენასა და იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ციფრულ ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასევე სალომე სხულუხიასა და თამთა მიქავას ორგანიზებით, ჩატარდა მათემატიკური სათავგადასავლო თამაში - „განძის მაძიებლები“. მოსწავლეები ორ გუნდად იყვნენ დაყოფილნი და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე დამალული მათემატიკური ამოცანების პოვნასა და ამოხსნაში. თითოეული სწორად შესრულებული დავალება მათ საბოლოო მიზანთან, „განძთან“, აახლოებდა. თამაში გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით, გუნდური თანამშრომლობით, სწრაფი აზროვნებითა და დადებითი ემოციებით. გამარჯვებულმა გუნდმა შეძლო განძის ყუთის გახსნა და დამსახურებული საჩუქრის მიღება.

აქტივობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მათემატიკა შეიძლება იყოს არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ საინტერესო თავგადასავალიც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203