დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით, ხალიჩების საწარმოს სტუმრობდნენ
08-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების პოპულარიზაციის მიზნით, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, ბილინგვური სწავლების სპეციალისტის - გოარ მარტიროსიანისა და ადგილობრივი მასწავლებლის - სილვა კსპოიანის, მონაწილეობით, საგან „მე და საზოგადოებაში“ თემის - „უძველესი ნივთები“ - ფარგლებში მოსწავლეებმა თემატური საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელეს ოფელია ისპირიანის ხალიჩების სახელოსნოში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიზიტის დროს ქალბატონმა ოფელიამ მოსწავლეებს გააცნო ხალიჩების ქსოვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, ესაუბრა „ხალიჩების ენაზე“ და აუხსნა, თუ როგორ გადმოსცემს ხალიჩა სხვადასხვა სიმბოლოს, ისტორიასა და კულტურულ ღირებულებებს. ბავშვებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ხალიჩების ორნამენტების მნიშვნელობის შესახებ და გაიგეს, თუ რამდენად მრავალფეროვანი და ინფორმაციული შეიძლება იყოს თითოეული ნაქსოვი ნამუშევარი.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ხელითაც ეცადათ ქსოვის პროცესი, რამაც მათში განსაკუთრებული ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია. სახელოსნოში დაცულმა მრავალმა უნიკალურმა რელიქვიამ და ძველმა ნივთმა ბავშვებს საშუალება მისცა, ახლოდან შეხებოდნენ წარსულის კულტურულ მემკვიდრეობას და უკეთ გაეაზრებინათ ტრადიციების მნიშვნელობა.

„ქალბატონ ოფელია ისპირიანის სახელოსნო არა მხოლოდ ადგილობრივი კულტურის მნიშვნელოვანი კერაა, არამედ გამორჩეულად საინტერესო და მიმზიდველი სივრცეა ტურისტებისთვისაც. მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის, კვლევითი უნარებისა და საკუთარი ფესვების უკეთ გაცნობიერების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203