ახალქალაქის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაიწერა - I „გ“ კლასის პატარებმა პირველი სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და სკოლის საზოგადოებას დაუვიწყარი, ემოციებითა და მუსიკით სავსე ღონისძიება — ანბანის ზეიმი აჩუქეს. ეს დღე იყო ერთგვარი შეჯამება იმ დიდი შრომისა, რომელიც პატარებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა მთელი წლის განმავლობაში გასწიეს.
ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ; პედაგოგებმა შეძლეს თითოეული ბავშვის ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა.
ღონისძიების დასასრულს, კლასის დამრიგებელმა არაქსია ხანჯიანმა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა, თბილი სიტყვებით მიმართა მათ, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და უსურვა მხიარული არდადეგები.
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლამ დაამტკიცა, რომ ძლიერი პედაგოგიური გუნდისა და მოტივირებული მოსწავლეების ერთობით საძირკველი ეყრება უამრავ წარმატებას... ასე რომ, „ანბანის გაცილება“ მხოლოდ დასაწყისია - მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლები ელით.