გაიცანით მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც კალიგრაფიის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
05-06-2026

ირაკლი ბაზაძის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი წარმატება ადამიანურ რესურსზე, საქმისადმი ერთგულებასა და დაუღალავ შრომაზეა დამოკიდებული.

დღეს კი მახათაურის საჯარო სკოლა კიდევ ერთი დიდი გამარჯვების სიხარულს ზეიმობს - მე-8 კლასის მოსწავლემ, თამარ კუპრაშვილმა, კალიგრაფიის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა და სკოლას უდიდესი აღიარება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ეს თამარის პირველი ტრიუმფი არ არის - მან ჯერ კიდევ საბაზო საფეხურის საწყის ეტაპზე მიიღო მონაწილეობა ამავე კონკურსში და მაშინაც პირველი ადგილის მფლობელი გახდა. 

უდავოა - წარმატების მიღმა უპირველესად დგას სკოლის დირექცია, რომელიც მუდმივად უწყობს ხელს როგორც პედაგოგების პროფესიულ ზრდას, ისე მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა შემოქმედებით თუ ინტელექტუალურ აქტივობებში. სწორედ მენეჯმენტის ასეთი ხედვა აძლევს სკოლას შესაძლებლობას, დაიმკვიდროს ადგილი ქვეყნის წარმატებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

თამარის გამარჯვებაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვით მის მასწავლებლებს - კლასის დამრიგებელი, ფატმან ნოზაძე მუდმივად ზრუნავს ბავშვების ემოციურ განვითარებაზე, უნერგავს მათ საკუთარი თავის რწმენას და ასწავლის, რომ შრომით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობაა შესაძლებელი; კალიგრაფიის, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ფილიგრანული ხელოვნების სიყვარული კი მას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ქეთევან ნასყიდაშვილმა გაუღვივა, მათ ერთად მიაღწიეს წარმატებას, რომელიც სკოლის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება და სტიმული გახდება სხვა მოსწავლეებისთვისაც.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203