„რომ კალენდარში ნაცვლად მაისის, თვით ქუთაისი უნდა ეწეროს” - შთამბეჭდავი პროექტი ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში
04-06-2026

ქუთაისის N20 საჯარო სკოლამ პროექტი - „რომ კალენდარში ნაცვლად მაისის, თვით ქუთაისი უნდა ეწეროს“ - მასშტაბური ღონისძიებით დააგვირგვინა. 

ღონისძიება ორ ეტაპად განხორციელდა, სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა ქალაქის ისტორიული უბნის - უქიმერიონის მნიშვნელოვან ლოკაციებზე, საინტერესო პრეზენტაციები და შთამბეჭდავი პერფორმანსები წარადგინეს. 29 მაისს კი სკოლაში გაიმართა პროექტის საზეიმო, დასკვნითი ღონისძიება.

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და არაერთი შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა. 

ღონისძიებას, მშობლებსა და მოსწავლეებთან ერთად, ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები:

  • ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაიკო ცქიტიშვილი;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ამირან კოპალეიშვილი;
  • სკოლის ეზოში მდებარე ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი (სვანიძე);
  • სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები: ნიკო იმედაძე და მერაბ ჭოხონელიძე. 

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ამ გრანდიოზული ღონისძიების ხორცშესხმაში მიუძღვის წვლილი. 

„უღრმეს მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს დათმობილი დროის, ყურადღებისა და თანადგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია!

შემოქმედებითი და ისტორიული საჩუქარი პოეტ ნიკო იმედაძისგან!

განსაკუთრებული სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა ძვირფასმა კურსდამთავრებულმა, პოეტმა ნიკო იმედაძემ მშობლიურ სკოლას ულამაზესი ლექსი უსახსოვრა!

აღსანიშნავია, რომ სწორედ ბატონი ნიკოს დაწერილია ის ტექსტი, რომელზეც ჩვენი სკოლის ჰიმნი შეიქმნა. ეს არის უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც ყოველთვის იცოცხლებს ჩვენს კედლებში!

განსაკუთრებული საჩუქარი და სტიპენდია ჩვენს სკოლას!

მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, ბატონ მერაბ ჭოხონელიძის მიმართ, რომელმაც მშობლიურ სკოლას ფულადი საჩუქარი და საკუთარი სახელობის სტიპენდია უსახსოვრა!

ბატონი მერაბის ინიციატივით, მე-20 სკოლის ის მე-12 კლასელი მოსწავლე, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს აიღებს, მთელი წლის განმავლობაში მიიღებს ყოველთვიურ 200-ლარიან სტიპენდიას!

აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა ერთჯერადი არ არის და ტრადიციულ სახეს მიიღებს - ის მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ყოველ წელს გამოავლენს ახალ სტიპენდიანტს, რომელიც ერთი წლის მანძილზე ისარგებლებს ამ მხარდაჭერით.

უღრმესი მადლობა ბატონ მერაბს ჩვენი მოსწავლეებისთვის ასეთი დიდი სტიმულის მიცემისთვის, სკოლის მიმართ გამოხატული გულთბილი დამოკიდებულებისა და ერთგულებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ამირან კოპალეიშვილი მადლობას უხდის დირექციას, პედაგოგებს, მშობლებს და ბავშვებს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებისთვის. 

„ღონისძიება ქალაქის ისტორიული უბნის-უქიმერიონის ღირშესანიშნავ ლოკაციებს მიეძღვნა.მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იქნა საინტერესო პრეზენტაცია და პერფორმანსი, რომელიც ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობას წარმოაჩენდა.

მადლობა მინდა ვუთხრა დირექციას, პედაგოგებს, მშობლებს და ბავშვებს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავს ღონისძიების საპატიო სტუმარი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203